კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი კომედიას იღებს. „იღბალი“ – ასე ეწოდება მხატვრულ ფილს, რომლის სცენარის ავტორი თავად რეჟისორია.

-კომედიის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ კომპოზიტორ ნანა მესხთან ერთად მგზავრობისას გამიჩნდა, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში, – იდეას ჯერჯერობით არ ვახმოვანებ და ეს მაყურებლისთვის, ფილმის გამოსვლამდე, სიურპრიზად დარჩება.

სამი წელი სცენარი თაროზე მედო. ცოტა ხნის წინ რამდენიმე მეგობარს წავაკითხე და ვთხოვე, კრიტიკული აზრი გამოეთქვათ. უკლებლივ ყველამ მითხრა, რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხეს და ძალიან ბევრი იცინეს. მირჩიეს ფილმის გადაღება.

ფილმზე მუშაობისდაწყების სტიმული ჰოლივუდელ რეჟისორ დევიდ ლინჩთან შეხვედრის შემდეგ გამიძლიერდა. როცა მასთან წუწუნი დავიწყე, ფილმის გადასაღებად ფინანსები არ მაქვს-მეთქი, მითხრა, თუ კამერა და სტუდია გაქვს, ხელს რაღა გიშლისო?! ვფიქრობ, ფილმი, ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, შემოსავალს მოგვიტანს.

მთავარი გადაღებები აპრილსა და მაისში გვექნება, რადგან კომედია უნდა იყოს ხალასი, ფერადი, ნათელი. შესაბამისად ასეთი დრო გაზაფხულია.

ფილმში ოთხი მთავარი პერსონაჟია. ორი პიროვნება ძალიან მონდომებულია, რომ ბანდიტები გახდნენ, მაგრამ ეს საქმე არაფრით გამოსდით. ორივე მსახიობს – გიორგი ბაბილოძესა და გივი პაპავას იმპროვიზაციის საუკეთესო უნარი აქვთ. ძალიან ნიჭიერი მსახიობები არიან გიორგი ცხადაძე და თამუნა ალადაშვილი. ამაში მაყურებელი ფილმის ნახვისას დარწმუნდება.

გადასაღებ მოედანზე სულ სიცილ-ხარხარია. ფილმზე მუშაობისას მნიშვნელოვანია მონაწილეთა განწყობა და აურა. ფილმით იმის თქმა მსურს, რომ იუმორი დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება.

აღსანიშნავია, რომ „იღბალში“ვერც ერთ ცუდ სიტყვას ვერ გაიგონებთ. დღეს რატომღაც მოდაში შემოვიდა ფილმებში ბილწსიტყვაობა. ვერ ვხდები, რა საჭიროა გინება, როცა ქართველებს გვახასიათებს ხარისხიანი და ჯანსაღი იუმორი.

ჯერჯერობით ფილმის პრემიერის ადგილს არ ვამხელ. სავარაუდოდ ნოემბერში „იღბალი“ კინოთეატრის ეკრანებზე გამოვა.

ნინო კაპანაძე