ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურში ახალი სკოლის მშენებლობისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად სატენდერო წინადადებები 26 მარტამდე მიიღება. ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ ახალი შენობის პროექტი 4 თვეში უნდა მოამზადოს.

სკოლა პროექტირებიდან 10 თვის ვადაში უნდა აშენდეს. სკოლის ახალი შენობა 60 მოსწავლეზეა გათვალისწინებული.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება  1 279 750 ლარია.

სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორის, კლიმენტი ტაბატაძის, ინფორმაციით, სკოლის შენობა, რამდენიმე წელია, სიძველის გამო დაინგრა. სკოლის შენობა იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ იქ სასწავლო პროცესის წარმართვა აღარ შეიძლებოდა. 5-6 წელია სკოლა ნაქირავებ სახლში ფუნქციონირებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს საქართველოში 29 ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს.