ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით დღეს, 7 მარტს, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თანამშრომელი ქალბატონებისთვის ღონისძიება გაიმართა.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა შეკრებილთ დედისა და ქალთა დღეები მიულოცა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებით სურდათ სასოფლო ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისთვის ერთი დღე გაელამაზებინათ.

„თქვენ ხართ წიგნის მცველები სოფლებში, – მიმართა ნიკოლოზ მაჭავარიანმა ბიბლიოთეკარებს, – გვინდა, რომ თქვენი შრომა მომავალში მეტად დავაფასოთ. სახელფასო ანაზღაურება მცირეა თქვენს შრომასთან შედარებით.“

ბიბლიოთეკარებს ვიდეო მიმართვით ქალთა დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, მისმა მოადგილე არჩილ მაღრაძემ, საკრებულოს წევრებმა პაატა გოგოლაძემ, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა.

სარვამარტო ღონისძიება სიმღერებით გაალამაზა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა, ლექსები წაიკითხეს რატი დევდარიანმა და ნიკოლოზ ფცქიალაძემ. საკუთარი ლექსები მიუძღვნა ქალბატონებს სახალხო მთქმელმა ნიკო წიკლაურმა.

ხარაგაულში მოქმედი 22 სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებს ნიკოლოზ მაჭავარიანმა საბიბლიოთეკო სისტემაში გაწეული ღვაწლისთვის ხატები და მადლობის სიგელები გადასცა.

მხიარული და საინტერესო კონკურსებით აღნიშნეს ქალთა დაცვის დღე ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში. სარვამარტო ღონისძიებაში მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასელებთან ერთად მათი პედაგოგები მონაწილეობდნენ. სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით გამორჩეული საღამო მასწავლებლების მიერ გაკვეთილებზე მომხდარმა კურიოზებმა უფრო გაახალისა.

მოსწავლეების მიერ გადაღებულმა რვა მარტისადმი მიძღვნილმა იუმორისტულმა ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა.