„ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საღანძილისკენ მიმავალი გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. წვიმის შემდეგ გზაზე გაჩენილი უზარმაზარი ორმოები წყლით ივსება და, ფაქტობრივად, გზა ავტომანქანებისთვის გაუვალია. ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სერიოზულად არის შეწუხებული იმით, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა, უგზოობის გამო, მათთან დროულად ვერ მიდის. სასოფლო ავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ აღარ ივლიან ამ გზაზე,“ – აღნიშნა საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მეტი მოცულობის სამუშაო შესრულდეს ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის მოსაწესრიგებლად. „საგზაო დეპარტამენტს უნდა ვესაუბროთ, რომ ცოტა მეტი თანხა დაიხარჯოს გზის სერიოზული შეკეთებისთვის მანამ, სანამ აზიის განვითარების ბანკი მის სრულ რეკონსტრუქციას დაიწყებს,“ – ამბობს გამგებელი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძირულა-ხარაგაულის და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულებით გზა აღდგომის დღესასწაულამდე შეკეთდეს. „მინდა სწორად გამიგოთ, სააღდგომოდ ხარაგაულში ბრუნდებიან ის ადამიანები, ვინც წლების მანძილზე წასულია აქედან. ჩვენ გვინდა, რომ დავანახოთ მათ ზრუნვა და შედარებით მოწესრიგებული გზით მივიდნენ სახლებამდე სოფლებში,“ – ამბობს გამგებელი.saranzilisken mimavali gza

საგზაო დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის თამაზ კვირიკაშვილის ინფორმაციით, აღდგომამდე ძირულა-ხარაგაულის მოასფალტებულ მონაკვეთზე ორმოები ამოვსება და დაიკერება. ამ თვეში შეკეთდება ძირულა-ხარაგაულის ალტერნატიული ორკილომეტრნახევრიანი გზა ისე, რომ გავლადი გახდეს. ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მიმართულებით გზაზე გაატარებენ გრეიდერს და დახრეშავენ გზას, სავარაუდოდ, მარელისამდე.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ ის იმერეთის მხარის გუბერნატორთან დასვამს საკითხს, რათა გუბერნატორი ესაუბროს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და რეგიონული განვითარების მინისტრს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

თავის მხრივ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო წერილობით მიმართავს საგზაო დეპარტამენტს.

ნინო კაპანაძე