აქცია ეხებოდა საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და მათ სახელზე არასდროს ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

ასეთ პირებს პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით შეეძლოთ ესარგებლათ აქციით და მიეღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი დოკუმენტია.

აქციის ფარგლებში მოქალაქეები გათავისუფლდნენ როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების აქციით მათ სამსახურს 483-მა მოქალაქემ მიმართა.

2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. აქციის დასრულების შემდეგ საქართველოში დარჩა 655 917 პირი, ვისაც აქვს ე.წ. ლამინირებული მოწმობა (აქციის დაწყებამდე იყო – 749 537). ყველაზე მეტს თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობდნენ.

  • დღეის მდგომარეობით თბილისში დარჩენილია – 154 974 (აქციამდე იყო – 175 914;);
  • იმერეთში დღეის მდგომარეობით დარჩენილია – 108 893 (აქციამდე იყო -125 383);
  • კახეთში  – დღეის მდგომარეობით დარჩენილია – 71 053 (აქციამდე იყო – 80 007);
  • ქვემო ქართლში – დღეის მდგომარეობით დარჩენილია – 72 012 (აქციამდე იყო -79 947).

აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეეძლოთ მიემართათ იუსტიციის სახლებისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვის.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს.

საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა. კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.