
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის შენობა სავალალო მდგომარეობაშია. სკოლის დირექტორის, მარინე ხვედელიძის გადაწყვეტილებით, ორ საკლასო ოთახსა და სპორტულ დარბაზს ბოქლომი ადევს, რადგან იქ შესვლა სახიფათოა.
მეთერთმეტე კლასში ჭერი გასულ კვირას, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, ჩამოვარდა. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ოთახიდან გამოსვლა მოასწრეს. ამ ოთახის დაბლა, პირველ სართულზე, სპორტული დარბაზია, რომლის ჭერიც თანდათან ინგრევა. ავარიულ მდგომარეობაშია მესამე კლასის ოთახის იატაკი.
„სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორად 2014 წლის ნოემბერში ამირჩია, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – 2014 წლის ზაფხულში სკოლა გადაიხურა. ნოემბრის ბოლოს სკოლის კიბის უჯრედის თავზე ჭერი ჩამოვარდა. ერთი წლის მანძილზე ვუკავშირდებოდი ინდმეწარმეს. ისიც მოდიოდა და სახურავზე დაზიანებულ ადგილებს ასწორებდა. ვერ გეტყვით, რა ხდება, დღემდე ვერ გავერკვიეთ, რა ჯადო აქვს ამ სახურავს – ზოგჯერ, ძლიერი წვიმის დროს წყალი არ ჩამოდის, ზოგჯერ, მცირე ნალექმაც კი შეიძლება საკლასო ოთახების კედლები დაგვიზიანოს.“
მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ სკოლაში ერთადერთი მოწესრიგებული ექიმის ოთახი და სველი წერტილებია. სკოლის ღობე მორყეულია, ხოლო ეზოში სპორტული აქტივობის ჩატარება – შეუძლებელი.
მეთერთმეტე კლასის 15 მოსწავლეს გაკვეთილები რესურსოთახში უტარდებათ, მეთორმეტე კლასელებს – კომპიუტერების ოთახში. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს დირექტორმა საკუთარი კაბინეტი დაუთმო. დირექტორი ახლა ბუღალტერთან და საქმის მწარმოებელთან ერთად ერთ პატარა ოთახში მუშაობს.
განათლების სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრებმა, შენობის ფოტოსურათებთან ერთად გაგზავნილმა ათეულობით წერილმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო. სკოლის მდგომარეობას ადგილზე გაეცვნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და იმერეთის გუბერნატორი.
მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ ყველა შეშფოთებას გამოთქვამს, თუმცა, საქმე ამაზე წინ ვერ წავიდა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა სპორტული დარბაზისა და ავარიული საკლასო ოთახების დაკეტვა ურჩიეს.
„ერთი წლის წინ სკოლაში მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოვიდა და დაგვპირდა, რომ სკოლაში სარემონტო სამუშაოებისთვის 400 ათასი ლარი დაიხარჯებოდა, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – შარშან ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხა საერთოდ ვერ მიიღო. ერთადერთი, რასაც წლიდან წლამდე საკუთარი დანაზოგით ვახერხებთ, დაწყებით კლასებში მცირე კოსმეტიკური სამუშაოებია.“
სკოლის დირექტორი მადლობას უხდის ყველა პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს, რომლებიც რთულ სამუშაო და სასწავლო პირობებს უძლებენ. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში 32 პედაგოგიდან 17 უფროსი მასწავლებელია, ხუთი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ელოდება. ყოველ წელს ჰყავთ ოქროს მედალოსნები.
ცენტრალური ბიუჯეტიდან 2019 წლის თებერვალში თვითმმართველობამ 410 ათასი ლარი სკოლების მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის მიიღო. ამ თანხიდან, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, 103 ათასი ლარი ხარაგაულის #3 სკოლისთვის დაიხარჯება.
მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ სკოლაში, პირველ რიგში, უნდა გარემონტდეს ორი საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი და გამოიცვალოს მესამე კლასის ოთახში იატაკი.
„მოსწავლეებს საკლასო ოთახებსა და სკოლის დერეფნებში ზედმეტ გადაადგილებას ვუკრძალავთ, რადგან გვეშინია, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – სწავლა-სწავლებაზე მეტ დროს იმაზე ფიქრს ვანდომებთ, რომ სკოლაში არავინ დაშავდეს.“
ნინო კაპანაძე
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს