„ხორუმი ქართული ცეკვაა“ – გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორი ირინე ჩხეიძე სპექტაკლზე მუშაობს.

„ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამ სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტე, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ტრადიციულად ვემზადებით იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის. წელს ამ ფესტივალის დააარსებიდან 10 წელი სრულდება.

ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ თეატრის იუბილე და საუკეთესოდ უნდა გამოვიდეთ ფესტივალზე. რთული სამუშაოა, მაგრამ შევეჭიდეთ იმიტომ, რომ სპექტაკლში მთელი დასი მონაწილეობს. ყველა თაობის მსახიობია ჩართული. სპექტაკლს სერიოზული ქორეოგრაფიული დატვირთვა აქვს. ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი დასთან ინტენსიურად მუშაობს.“

ნიკოლოზ მაჭავარიანი სპექტაკლში სოფლის მწიგნობარის როლს ასრულებს. ის ამბობს, რომ მაყურებლის წინაშე ისე წარსდგებიან, როგორც ხარაგაულის საუკუნოვან თეატრს ეკადრება.

„ხარაგაულში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან ჩვენს სპექტაკლებს, – ამბობს მაია ბერაძე, – ეს პასუხისმგებლობას გვიძლიერებს. ამიტომ ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ და ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ.“

„გურამ დოჩანაშვილის კლასიკური ნაწარმოებები ყოველთვის თანამედროვეა, – ამბობს მსახიობი ნიკო დეკანოსიძე, – სპექტაკლის თემატიკა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მომწონს ნაწარმოები, რეჟისორის ჩანაფიქრი, როლებისთვის შერჩეული მსახიობები.“

ლუიზა კიკნაძე სპექტაკლის წარმატებაში დარწმუნებულია და განსაკუთრებით უხარია, რომ სცენაზე ძველი და ახალი თაობის მსახიობები ერთად თამაშობენ.

სპექტაკლის – „ხორუმი ქართული ცეკვაა“ პრემიერა ხარაგაულში, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში გაიმართება.