ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის კუნგ-ფუ სანდას წრის სპორტსმენები 23-25 თებერვალს თეირანში მსოფლიო თასის ჩემპიონატზე ტო-კი-მას სახეობაში მონაწილეობდნენ. ამ შეჯიბრებაში საქართველოდან 8 სპორტსმენი ჩაერთო.

ხარაგაულელმა კარატისტებმა – არჩილ იოსებაშვილმა და თენგიზ ტაბატაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ერეკლე მაღრაძემ – ვერცხლის მედალი, ხოლო გოგა ფურცელაძემ და გივი მაზიაშვილმა – ბრინჯაოს მედლები.

კუნგ-ფუ სანდას წრის მწვრთნელის, ზვიად კურტანიძის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენები მიიწვიეს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ტურნირზე, რომელიც 20 აპრილს გაიმართება.

„ბაქოს ჩემპიონტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ზვიად კურტანიძე, – გამარჯვების შემთხვევაში ოქროს მედალოსნებს ყოველთვიური ხელფასი დაენიშნებათ. თეირანში ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 1000 ლარი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა გამოგვიყო. თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფინანსური დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს, დეპუტატებს პავლე კიკალიშვილსა და აკაკი მაჭავარიანს. მათ თანხა საკუთარი შემოსავლებიდან გადმოგვცეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ბაქოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფას დაგვპირდა.“

წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ სპორტსმენებს.