ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაფარად. ამ მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. „ჩვენ ვმუშაობთ ფორმულაზე, როგორ გავანაწილოთ ეს თანხა, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ პირველი-მეოთხე კურსის იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია. დავით კიკნაძის თქმით, ასეთი სულ 109 სტუდენტია. „სავარაუდოდ, ეს ციფრი შემცირდება, რადგან ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ 14 სოციალურად დაუცველ სტუდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს. სოციალურად დაუცველთა შორის არიან ისეთები, ვინც სასწავლო წლის ბოლომდე გადაიხადა სწავლის საფასური,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

სტუდენტებმა, რომლებიც ზემოთ ნახსენებ კრიტერიუმებს აკმაყოფელბენ, ამ კვირის ბოლომდე რესურსცენტრში უნდა წარადგინონ ცნობა სასწავლებლიდან, ოჯახის სარეიტინგო ქულების შესახებ მოწმობის ასლი და პირადობის მოწმობის ასლი.