სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 31 იანვარს გაავრცელა.

მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სოფლის კრებებზე პროგრამის გაზრდის საჭიროება გამოიკვეთა. ამიტომ 20 მილიონი ლარის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტებზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად გაორმაგდა თანხა თითოეული სოფლისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის 430 000 ლარი უკვე მიიღო. მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში ამდენივე ოდენობის თანხას ელოდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები პირველი თებერვლიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის კრება 78-დან 32 სოფელში ჩატარდა.

გაგაცნობთ სოფლებში მოსახლეობის მიერ უკვე შერჩეულ პრიორიტეტებს.

ბაზალეთი – საუბნო გზებზე გარე განათების სისტემის მოწყობა;

წიფი და ღარიხევი – სასმელი წყლის ავზისა და მილების შეძენა, გარე განათების სისტემის მოწყობა, სასოფლო კლუბის რემონტი;

ქროლი – ცენტრალურ გზაზე გარე განათების სისტემის მოწყობა;

ანეულა – გზის შეკეთება;

ნებოძირი – წყლის სისტემის შეკეთება, სასაფლაოს შეკეთება, თავშეყრის ადგილის მოწყობა;

ბეჟათუბანი – ცენტრალური გზის შეკეთება;

მოლითი – სარიტუალო დარბაზის სამზარეულოს ასაშენებლად მასალების შეძენა, სანიაღვრე არხის გაჭრა, წყლის მილების შეძენა, გარე განათების მოწყობა, წისქვილის ღარის მოწყობა, რკინიგზის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე ძელსკამების დაყენება;

ქვები – ცენტრალური გზის გვერდულზე მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა, სარიტუალო დარბაზის ინვენტარის და იატაკის მასალის შეძენა, თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალის შეძენა;

ჭარტალი – სასაფლაოების შეკეთება და გზის შეკეთება;

ბაბი – სასაფლაოების შემოღობვა, გზების მოხრეშვა;

დეისი – სარიტუალო დარბაზისთვის მასალების შეძენა, წყაროს შეკეთებისთვის მასალების შეძენა, წისქვილის სახურავის მასალის შეძენა, თავშეყრის ადგილის სახურავის მასალის შეძენა, შიდა გზების მოხრეშვა, წყლის მილის შეძენა;

ლაშე – ჭაბურღილის მოწყობა, წყლის სისტემის შესაკეთებლად მასალების შეძენა, საუბნო გზების მოხრეშვა;

ღვერკი – წისქვილისთვის ავტომატური ამომრთველის შეძენა, გიორგაძეებისა და თხელიძეების საუბნო გზების მოხრეშვა, განათების მოწყობა, სალოცავთან თავშეყრის ადგილის მოწყობა;

უჩამეთი – ცენტრალურ გზაზე ბეტონის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოწყობა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და წყლის სისტემის მილების შეძენა, შიდა გზების მოხრეშვა;

ლაშის იგორეთი – კვირიკაშვილების, ილმის სერის, პაქსაშვილებისა და მანჯავიძეების საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა;

საქარიქედი – წყლის სათავე ნაგებობის შეკეთება;

კიცხის იგორეთი – წყლის სისტემის მოწყობა;

თეთრაწყარო – ბერაძეების, ვეფხვაძეების, გიორგიძეებისა და გველესიანების უბნებისათვის წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა;

კიცხი – პირველი, მეორე და მიქიაშვილების საუბნო გზების მოხრეშვა, ავალიშვილების, ჩხიკვაძეებისა და გიორგაძეების უბნებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა, მემორიალის შემოღობვა;

ბორი – სარიტუალო დარბაზის მოწყობა, ინვენტარის შეძენა და ეზოს კეთილმოწყობა;

ხიდარი – სასაფლაოსთან, სხილაძეებისა და ფაიქრიძეების საუბნო გზების მოხრეშვა, მაჭავარიანების უბანში და ეკლესიაზე სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, გარე განათების მოწყობა (ნაწილობრივ);

სარგვეში – ბიბლიოთეკის შენობის დასრულება, სველი წერტილის მოწყობა, სოფლის ცენტრში განათების მოწყობა;

საბე – მაღალაურის საუბნო გზის შეკეთება;

ხორითი – სოფელში არსებული საუბნო გზის შეკეთება;

მიროწმინდა – წყლის წისქვილის რეაბილიტაცია და საუბნო გზების შეკეთება;

ლეღვანი – კოდაბოლოსა და ეწერის საუბნო გზების მოხრეშვა;

მარელისი – სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა;

დიდვაკე – საუბნო გზების დახრეშვა, სალოცავისკენ მიმავალი კიბის კეთილმოწყობა;

წაქვა – მინისტადიონის მოწყობა, წისქვილების უბანში გზის მოხრეშვა;

ციცქიური – მდინარე ძირულაზე ხიდის მოაჯირების გაკეთება; მინისტადიონის მოწყობა, ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა;

გრიგალათი – მინისტადიონის მოწყობა, მდინარე რიკოთულაზე საფეხმავლო ბოგირის შეკეთება; ქიტესეების უბანში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა;

ხევი – წისქვილის აშენება, სასაფლაოს შემოღობვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს დასრულდება. მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებს საკრებულო დაამტკიცებს.