ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა არსებობის 62 წელს ითვლის.

ამჟამად სკოლაში საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო), გიტარის, დრამის, საესტრადო ვოკალის განყოფილებებზე 92 მოსწავლე სწავლობს.

რა პრობლემის წინაშეა ხარაგაულის სამუსიკო სკოლა საერთაშორისო კონკურსებში ჩასართავად, რატომ ჩაეთვალა სკოლას არამიზნობრივ ხარჯად გაზის გამათბობლების შეძენა, რატომ ვერ იქმნება სამუსიკო სკოლაში ვაჟთა ვოკალური გუნდი, რა წარმატებები და პრობლემები აქვთ, – ამ და სხვა საკითხებზე ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე გვესაუბრება.

„სამუსიკო სკოლამ ფუნქციონირება 1957 წელს ხარაგაულის #2 სკოლის შენობაში დაიწყო, – გვიამბობს ლალი ალექსიძე, – ინსტრუმენტები საკლასო ოთახებში იდგა და მეცადინეობები გაკვეთილების დასრულების შემდეგ ტარდებოდა. სამუსიკო სკოლის დღევანდელი შენობა 1965 წელს აშენდა. შენობა საყოფაცხოვრებო მომსახურებებისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა სამუსიკო სკოლის დირექტორ შოთა ბუაჩიძისა და ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის დირექტორ ვერა ლეჟავას მონდომებით, ახალ შენობაში სამუსიკო სკოლა განთავსდა. დღეს ხარაგაულის სამუსიკო სკოლა პირველი დირექტორის, შოთა ბუაჩიძის, სახელს ატარებს. მის შემდეგ სკოლას თემურ ხიხაძე ხელმძღვანელობდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი ოლია ბიტვარდა უძღვებოდა. ადგილობრივი კადრების სიმცირის გამო პედაგოგები სხვადასხვა ქალაქებიდან მოდიოდნენ.

ჩემი დირექტორობის პერიოდი გასული საუკუნის მძიმე 90-იან წლებს დაემთხვა. 1995 წელს ბიუჯეტიდან დაფინანსება შეგვიწყდა და 2000 წლამდე მხოლოდ მშობლებისგან გადახდილი თანხით ვარსებობდით. 2000 წელს ბიუჯეტიდან 3000 ლარი გამოგვიყვეს. ეს მაშინ დიდი თანხა იყო.“

ამჟამად სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოსა და ვიოლინოს განყოფილებებზე სწავლის ღირებულება 10 ლარია, ხოლო საესტრადო ვოკალის, გიტარისა და დრამის განყოფილებებზე სწავლა უფასოა.

„ჩვენი ძირითადი მიზანი და დანიშნულებაა, კლასიკური მუსიკის კარგი მსმენელი აღვზარდოთ, – ამბობს ლალი ალექსიძე, – შესაძლოა, მოსწავლე მომღერალი და პიანისტი არ გამოვიდეს, თუმცა მას მუსიკის აღქმისა და მისგან ესთეტიკური მშვენიერების განცდის უნარი ჩამოუყალიბდება. კლასიკური მუსიკა ბავშვის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს.“

სამუსიკო სკოლის საქმიანობა 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტისა და შიდა მონიტორინგის სამსახურმა შეამოწმა, შენიშვნები და რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ სამსახურის შეფასებით, სამუსიკო სკოლას მუნიციპალიტეტის კუთვნილი სკოლის შენობის სამი ოთახი წესების დარღვევით ჰქონდა გაქირავებული; არამიზნობრივად დაიხარჯა 820 ლარი, რომლითაც სკოლამ ორი ცალი გაზის გამათბობელი ისე შეიძინა, რომ შენობაში ბუნებრივი აირი ჯერაც არ არის შეყვანილი; სწავლის საფასურის გადახდა არა სკოლაში, არამედ საბანკო მომსახურებით უნდა მომხდარიყო.

ამჟამად სამუსიკო სკოლის შენობის 3 ოთახი კვლავ გაქირავებულია. ლალი ალექსიძის განმარტებით, ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა ფართის დამქირავებლებთან თავად გააფორმა და ისინი თანხას ადგილობრივ ბიუჯეტში რიცხავენ.

„როცა ხარაგაულში ბუნებრივი აირი შემოვიდა, „სოკარ გაზის“ ადგილობრივ ოფისში მითხრეს, რომ თუ გამათბობელს არ შევიძენდი, ისე შენობაში ბუნებრივი აირის შემოყვანა ვერ მოხერხდებოდა, – ამბობს ლალი ალექსიძე, – წლის ბოლოს დაზოგილი თანხით ორი გამათბობელი შევიძინე და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბუნებრივი აირის შემოყვანისათვის თანხის დამატება მოვითხოვე. იმ წელს ბიუჯეტიდან დაფინანსება შეგვიმცირდა და ბუნებრივი აირის შემოყვანა ვეღარ შევძელით. ამიტომ გაზის გამათბობლები დღესაც გაუხსნელია. საკონცერტო დარბაზისა და რამდენიმე ოთახისთვის კონდინციონერები შევიძინეთ, თუმცა საკლასო ოთახებს ჯერ კიდევ შეშის ღუმელებით ვათბობთ.

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოსწავლეთა მშობლებისათვის ჩვენი სახაზინო ანგარიშის ნომერი თვალსაჩინო ადგილას გამოვაკარი და მოსწავლეები სწავლის საფასურს საბანკო მომსახურებით იხდიან.“

სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, 12 წელია, რესპუბლიკურ კონკურსში „მომავლის ვარსკვლავები“ მონაწილეობენ. კონკურსის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო შემსრულებლებს იწვევენ გალა კონცერტზე, რომელიც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება. გასულ წელს ამ კონკურსის დასკვნით ღონისძიებაში სამუსიკო სკოლის გოგონათა ვოკალური ანსამბლი და სოლო შემსრულებელი მარიამ მანჯავიძე მონაწილეობდნენ.

დეკემბერში ბაქოში საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. საქართველოდან 27 კონკურსანტს შორის იყო ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლე მარიამ მანჯავიძე. მან პირველი ადგილი დაიმსახურა.

ლალი ალექსიძე ამბობს, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუსიკო სკოლა 110 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან 92 ათასი ლარი სახელფასო ფონდია. დანარჩენი თანხა კი გადასახადებსა და ინსტრუმენტების მოვლა-შენახვისათვის სჭირდებათ. ლალი ალექსიძე ამბობს, რომ წელს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას, უსახსრობის გამო, ვეღარ მიიღებენ. საქართველოში გამართულ კონკურსებში კი აუცილებლად ჩაერთვებიან.

სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტი, რამდენიმე წელია, 90-დან 100-მდე მერყეობს. საფორტეპიანო განყოფილებაზე 71, ვიოლინოს განყოფილებაზე – 5 მოსწავლეა. დანარჩენი მოსწავლეები კი ვოკალის, გიტარისა და დრამის განყოფილებებზე სწავლობენ. სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს რვა, ვიოლინოს, გიტარასა და დრამს თითო-თითო პედაგოგი ასწავლის.

წინა წლებში, როცა ტრანსპორტი ყოველდღიურად მოძრაობდა, მოსწავლეები ლეღვნიდან, კიცხიდან, თეთრაწყაროდან დადიოდნენ. ახლა სამუსიკო სკოლა, ძირითადად, დაბა ხარაგაულში მცხოვრებ მოსწავლეებს ემსახურება.

„შარშან გამოვაცხადეთ კონკურსი „დო, რე, მი“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამორჩეული ვოკალური შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოსავლენად. პროექტში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ რამდენიმე მოსწავლემ გამოთქვა. ვოკალურ განყოფილებაზე სწავლა უფასოა. დიდი ხანია მინდა, ვაჟთა გუნდი ჩამოვაყალიბო. დავიწყებთ მოსწავლეებთან მუშაობას, როცა უკვე ხმებს ერთმანეთთან შევამღერებთ და კონცერტის ვემზადებით, მოსწავლეები გუნდს ტოვებენ. მშობლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რასაც კონცერტებზე ვაჩვენებთ, მხოლოდ გაკვეთილებზე მეცადინეობის შედეგია. მოსწავლეები სახლში კლასიკური მუსიკის მეცადინეობას ცოტა დროს უთმობენ. ადრე თითო სემესტრში მოსწავლეს 6-6 ნაწარმოები უნდა შეესწავლა, ხოლო გამოცდაზე ოთხი შეესრულებია. ასეთი გეგმა აღარ არსებობს.

2018 წელს სამუსიკო სკოლაში ჩამოვაყალიბეთ მუსიკალური ბენდი. გასულ წელს ბენდის მიერ გამართულმა კონცერტმა ხარაგაულელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. წელს მუსიკალური ბენდი კონცერტს აპრილში ხარაგაულის კინოთეატრში გამართავს.

სამუსიკო სკოლის დარბაზში მარტის დღესასწაულებსა და ბავშვთა დაცვის დღეს კონცერტებით აღვნიშნავთ. მეტი დაფინანსების პირობებში შევძლებთ მუსიკალური ბენდის კონცერტები სოფლებშიც ჩავატაროთ. ამისთვის ელექტრო პიანინო გვჭირდება, რომელიც 7-8 ათასი ლარი ღირს. ხარაგაულში მუსიკალურ საკრავებზე შემსრულებლების პრობლემაა. რამდენიმე წელია, უშედეგოდ ვეძებ აკორდეონისა და სალამურის დაკვრის სპეციალისტებს. შრომა არ გვეზარება. გვინდა ჩამოვაყალიბოთ ვაჟთა ტრიო, პედაგოგების კვინტეტი, დავდგათ ახალი მიუზიკლი. თუმცა ეს ყველაფერი დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. მეტი დაფინანსების პირობებში ხარაგაულელებს ახალ საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ.“

თამთა გოგოლაძე