ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა დღეს, 14 თებერვალს, კინოთეატრში სპექტაკლის პრემიერა გამართა.

სპექტაკლში „მე თქვენ მიყვარხართ“ ლიტერატურული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იზა ვეფხვაძე მაყურებლის წინაშე ქართველი და უცხოელი პოეტების 80-მდე სატრფიალო ლექსით წარდგა.

„ოთხი წლის წინ, ახალ წელს, სოციალურ ქსელში დავწერე სიტყვები „მე თქვენ მიყვარხართ“, – გვიამბობს იზა ვეფხვაძე, – მას შემდეგ  ყოველ დილით ჩემს ინტერნეტ მეგობრებს იგივე სიტყვებს ვეუბნები. დროის შემდეგ დაგროვილმა ემოციებმა გადამაწყვეტინა, შემექმნა ლიტერატურული სპექტაკლი ამავე სახელწოდებით.

ეს სპექტაკლი სერიულად გაგრძელდება და მოიცავს ქართული პოეზიის სატრფიალო ლექსების საგანძურს. სპექტაკლების სერია მხოლოდ ქალ-ვაჟურ სიყვარულს არ მიეძღვნება. მომავალში სპექტაკლები სამშობლოს, დედის, ოჯახის სიყვარულზე შეიქმნება.

სპექტაკლის მომზადებაში უდიდესი დახმარება გამიწიეს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის თანამშრომლებმა, – მუსიკალურმა გამფორმებელმა დალი მერაბიშვილმა, ტექნიკურმა მენეჯერმა ჯაბა ფცქიალაძემ, ადმინისტრატორმა ლევან ნანიტაშვილმა. სცენა ულამაზესად მორთო ხარაგაულელმა მხატვარმა ჟუჟუნა კალანდაძემ.

სპექტაკლით მინდა თითოეულ ჩემს თანამემამულეს ვუთხრა გურამ დოჩანაშვილის სიტყვები – „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. ამიტომ გვიყვარდეს, ქართველებო, ერთმანეთი“.

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ლიტერატურული სპექტაკლი „მე თქვენ მიყვარხართ“ ხარაგაულის სოფლებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება.