2019 წლის 8 თებერვალს, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული 200- მდე სოციალური მუშაკი,წინასაგაფიცვო პროცესს იწყებს და სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს.

სოციალური მუშაკები უთითებენ, სოციალური სერვისების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მძიმე მდგომარეობაზე, კერძოდ კი, სათანადო სერვისების, მექანიზმების არარსებობისა თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესები.

სოციალური სერვისების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები.

აღნიშნული პრობლემების დღის წესრიგში დაყენების მიზნით, სოციალური მუშაკები საქართველოდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 8 თებერვალს 15:00 საათზე შეიტანენ წერილს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე.

სოციალური მუშაკების ძირითადი მოთხოვნაა, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და აღნიშნულის პარალელურად სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნა. წერილის შეტანის შემდგომ, სოციალური მუშაკები ადგილზე გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს სხვადასხვა უწყების მიმართ. სოციალური მუშაკების მიერ დაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი უახლოეს მომავალში გაიფიცებიან.

სოციალური მუშაკების მოთხოვნებს იზიარებენ და უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები; საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW).