24 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი საპატრიარქოსთან მოქმედი ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, უკვე ექვსი წელია, ტარდება. ოთხეტაპიან კონკურსში 2017 წლის დეკემბერში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

„პირველ ეტაპზე საპატრიარქოში ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლის ნახატები წარვადგინეთ, – ამბობს ხელოვნების პედაგოგი დალი ლურსმანაშვილი, – შემდეგ მოგცეს საშინაო დავალება, – ბიბლიის შვიდი თავის მიხედვით მონაწილეებს შვიდი ნახატი უნდა შეექმნათ.

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა ნახატები საპატრიარქოში შექმნეს, ბიბლიიდან იქვე წაკითხული ნაწყვეტების მიხედვით. შემდგომი საშინაო დავალება ბიბლიის თემაზე კვლავ შვიდი ნახატის მომზადებას მოიცავდა. ძალიან გაგვეხარდა, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოფენილ საუკეთესო ნამუშევრებს შორის ჩვენი მოსწავლეების – ნათია ბურჯანაძის ხუთი, ხოლო ანა კვინიკაძის სამი ნახატი რომ იყო წარმოდგენილი.

ნახატებს სამხატვრო აკადემიის პროფესორები ვლადიმერ გურული, ოთარ ჩაკვეტაძე, მხატვარი ზაალ სულაკაური და მიტროპოლიტი სტეფანოზი აფასებდა. ამ კონკურსის ორგანიზატორმა და იდეის ავტორმა მიტროპოლიტმა სტეფანოზმა აღნიშნა, რომ კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონის 50 სკოლიდან 500 მოსწავლე ჩაერთო. დაჯილდოების ცერემონიაში მხოლოდ 200 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან საუკეთესოები, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, დააჯილდოვეს. საუკეთესო მონაწილეები სამხატვრო აკადემიაში მასტერკლასს გაივლიან“.

 

დალი ლურსმანაშვილს კონკურსის ორგანიზატორებისგან სერთიფიკატი გადაეცა. „ეს სერთიფიკატი ჩემთვის უდიდესი მოტივაციის მიმცემია,“ – ამბობს დალი მასწავლებელი და კონკურსში უმცროსკლასების ჩართვას გეგმავს.

„ამ კონკურსით ბავშვები ხატვას სწავლობენ, შემოქმედებით აზროვნებას ეჩვევიან და ბიბლიას ეცნობიან. გვაქვს პოტენციალი, რომ  ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ კონკურსის გამარჯვებულები მომავალშიც გახდნენ,“ – ამბობს დალი ლურსმანაშვილი.

თამთა გოგოლაძე