ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2014 წლის განმავლობაში დამატებით 545 400 ლარი გაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, – ეს ინფორმაცია გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილისგან მივიღეთ.

ახლახან სოფლებში მოსახლეობის შეხვედრებზე განისაზღვრა, თუ სად რომელი პრობლემა გადაიჭრება რეგიონული განვითარების სამინისტროსგან დაფინანსებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. თუმცა, ამ პროგრამით გამოყოფილი თანხით უკლებლივ ყველა საკითხი ვერ მოგვარდება. სწორედ ამიტომ, შეხვედრებზე დასმული იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ვერ მოხვდა, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი შემოსავლებით შეუდგება.

სოფლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამუშაოები, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ორ ეტაპად შესრულდება. პირველ ეტაპზე, ამ სამუშაოებზე, ზემოთ აღნიშნული 545 400 ლარიდან განხორციელდება 383 600 ლარის სამუშაოები და იგი მოხმარდება:

248, 3 ათ. ლარი სასოფლო გზების შეკეთებას;

35, 1 ათ. ლარი – ხიდ-ბოგირების მოწყობას;

31, 3 ათ. ლარი – წყლის სისტემების მოწესრიგებას;

4, 5 ათ. ლარი – სასაფლაოების შემოღობვას;

21,0 ათ. ლარი – ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას;

35, 4 ათ. ლარი – საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას;

2, 0 ათ. ლარი – ამბულატორიის შეკეთებას;

6,0 ათ. ლარი – სკვერების მოწყობას.

დანარჩენილი 161, 8 ათ. ლარის სამუშაოების შესრულება, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, წლის მეორე ნახევრიდან განხორციელდება და ეს თანხა მოხმარდება:

56, 3 ათ. ლარი სასოფლო გზების შეკეთებას;

26, 0 ათ. ლარი – ხიდ-ბოგირების მოწყობას;

2, 0 ათ. ლარი – წყლის სისტემების მოწესრიგებას;

16, 0 ათ. ლარი – სასაფლაოების შემოღობვას;

27,0 ათ. ლარი – ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას;

26, 0 ათ. ლარი – სპორტული მოედნების მოწყობას;

2,5 ათ. ლარი – გარე განათებას;

6,0 ათ. ლარი – სარიტუალო დარბაზის მოწყობას.

ზემოთ აღნიშნული საკითხების მოგვარებას მოხმარდება გასული წლის ნაშთი 250 ათასი ლარი.

ამას გარდა, „წლის განმავლობაში ბიუჯეტში არსებულ თავისუფალ სახსრებს მივმართავთ ამ პროექტებისკენ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, – წლის პირველ ნახევარში დაფინანსდება პირველ ეტაპზე პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტები. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარება სოფლებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. თუმცა, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებებით თანხის დახარჯვა იქნება ლოგიკური. პროექტების დაფინანსებისას ძირითად როლს ითამაშებს ბენეფიციართა რაოდენობა, ვინც უნდა ისარგებლოს ამ პროექტების განხორციელებით.“

ლაურა გოგოლაძე