
საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი შემცირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის, ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ინციდენტობამ (ახალ შემთხვევათა რიცხვი) ბოლო პერიოდში 277-დან 230-მდე მოიკლო.
„ავადობის მაღალი აქტივობა იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ამჟამად ამბულატორიებსა და სტაციონარებში მომართვიანობა შემცირებულია. A ტიპის H1N1 ვირუსი სეზონურია და უფრო მეტი გართულებებით ხასიათდება, ვიდრე სხვა ტიპის გრიპები. აქედან გამომდინარე გვაქვს გართულებული შემთხვევები სხვადახვა რისკ ჯგუფებთან ქრონიკულად მოავადე ადამიანებში, ანტივირუსული პრეპარატით „ტამიფლუ“ უზრუნველყოფილია სააფთიაქო ქსელები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და სტაციონარები. გრიპის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტს, ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ამ პრეპარატის უფასოდ მიღება შეუძლია.
გრიპის ვაქცინაცია ოქტომბერში ჩატარდა. უახლოეს მომავალში ორსულებისათვის განმეორებით ჩატარდება ვაქცინაცია. ყველას მოვუწოდებთ, აცრა ჩაიტარონ და გრიპის გართულებისგან თავი დაიცვან.
ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით საქართველოში 18 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთშიც. თუმცა ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყო თანმხლებ ქრონიკულ პრობლემასთან ან დაგვიანებულ მიმართვასთან.
პირადი ჰიგიენის, სანიტარული ნორმების დაცვა, სახლისა და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და სწორი კვება – ეს არის მთავარი რეკომენდაციები გრიპის პრევენციის თვალსაზრისით“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეფასებით, საქართველოში წითელას ეპიდსიტუაციაა. 2019 წლის განვლილ პერიოდში უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები, ძირითადად, კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.
გოჩა გიორგიძის, ინფორმაციით, წითელას ვაქცინა ყველა რეგიონში საკმარისი რაოდენობითაა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები გამოავლენენ იმ პიროვნებებს, რომლებსაც წითელას ვირუსზე აცრა არ აქვთ ჩატარებული. გამოვიკვლევთ საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და ორგანიზაციებს. თუ ადამიანი ბავშვობაში აცრილია წითელაზე, ის განმეორებით აცრას აღარ საჭიროებს. თუმცა თუ პიროვნებამ არ იცის ზუსტად, აქვს თუ არა ვაქცინაცია ჩატარებული, აუცილებელია მიმართოს პოლიკლინიკას ან ამბულატორიას და დროულად ჩაიტაროს აცრა. წითელას ვაქცინაცია უსაფრთხოა და უკუჩვენება არ გააჩნია,“ – ამბობს გოჩა გიორგიძე.
თამთა გოგოლაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ