ხარაგაულში 2018 წელს ინფრასტუქტურული პროექტების დაუსრულებლობის მიზეზად ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე საკანონმდებლო ხარვეზებს იშველიებს.

ხარაგაულის მერმა 17 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერიის „აქილევსის ქუსლი“ დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებია. ამ პრობლემის გამო მერის 2018 წელს გაწეული საქმიანობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა.

„ხარაგაულის მერი ამბობს, რომ პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზებშია და რეგულაციებია დასახვეწი. საინტერესოა, თქვენ თუ ხედავთ ამ პრობლემებს, როგორც გამგებლად ნამუშევარი და ახლა პარლამენტარი, – მიმართა ხარაგაულის საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა კობა ლურსმანაშვილს ხარაგაულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, – სხვა მუნიციპალიტეტებისთვის განსხვავებული კანონები ხომ არ მოქმედებს.

თუ შეიძლება დაგვიზუსტეთ, რომ მე, როგორც საკრებულოს წევრმა, გავაკეთო დასკვნა – კანონშია პრობლემა, თუ გარკვეული თანამდებობის პირებში, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებენ“.

„2018 წელს ხარაგაულში განუხორციელებელ პროექტებსა თუ სხვა მოუგვარებელ საკითხებზე ვისაუბრებ მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანდასწრებით. არ დავარღვევ ოპონირების რეჟიმის შესაძლებლობას, – აღნიშნა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, – გულწრფელად მაინტერესებს პრობლემების წარმოშობის, განვრცობისა და მოგვარების შესახებ მერიის ხედვა, – სად არის საჭირო მაჟორიტარის ჩართულობა.

ხარაგაულის მერმა მოსახლეობის წინაშე ანგარიშის წარდგენისას არ მომიწვია. მისგან განსხვავებით, მე მერს მოპატიჟება გავუგზავნე. მომავალში ანგარიშის წარდგენისას, ვინც იქნება მერი, იმასაც მოვიპატიჟებ, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება ექნება ჩემდამი. ანგარიშის წარდგენა ჩემი და რომელიმე სხვა თანამდებობის პირის პირადი ურთიერთობის თემა არ გახლავთ. ეს არის მუნიციპალურ დონეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არსებული ველი, სადაც ბალანსი დაირღვევა, თუ ყველა ერთად და თანაბრად არ მონაწილეობს. ამიტომ ამ მუნიციპალიტეტს მერიც სჭირდება, საკრებულოც და დეპუტატიც.

მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ მათ ქუჩაზე ბეტონი არ დაგებულა. მარელისში მოსახლეობა კმაყოფილია და მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის მეზობლებს ვერ დავუმტკიცებთ, რომ იქ ბეტონი არ დაიგო. კარგია, იქ რომ მაინც აღარ გავისვრები ტალახში. ჩემს სოფელში, ცხრა თვეა, გზაზე ბეტონის დაგება ვერ დაასრულეს.

მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად უნდა ვისწავლოთ ჩვენი ვალდებულებების აღსრულება. ვინმე კარგად არ მუშაობს? ამომრჩევლების ვალია თქვათ, რომ კარგად არ მუშაობს. პირადად მე ამ კონკრეტულ საკითხში არ ვარ გარეთ მყოფი პირი, რომელიც მოვლენებს აკვირდება და ახლა თავის მოსაზრებებს გამოხატავს. მეც ამ პროცესების თანამონაწილე ვარ. ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გუნდურად გავაკეთოთ უფრო ბევრი კარგი საქმე მუნიციპალიტეტისთვის. თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, მაშინ ხალხი გამოიყენებს და მორიგ არჩევნებზე თქვენც, მეც და სხვებსაც ეტყვის „არას“, თუ მივედით იქამდე“.

ნინო კაპანაძე