

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალი პროგრამით მიმდინარეობს. გასულ ზაფხულს მოწვეულმა სპეციალისტებმა ხარაგაულში ჩაუტარეს ტრენინგები ცხრავე საბავშვო ბაღის აღმზრდელებს. თუმცა, ამ პროგრამის ხარაგაულის საბავშვო ბაღებში დანერგვა გაცილებით ადრე, მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წლის დასაწყისში გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ ახალი პროგრამის საპილოტე ვერსია მოიძია.
„ეს პროგრამა ბავშვის ადრეული განვითარების სტანდარტებს ეფუძნება და რადიკალურად განსხვავდება სწავლა-აღზრდის ადრინდელი მეთოდებისგან, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი, – შარშან პილოტირება გაიარა თბილისის საბავშვო ბაღებში. რეგიონებს შორის ერთ-ერთი მოწინავეები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ქეთევანმა მოიძია და ადრიანად, შარშან იანვრიდან შევუდექით ამ პროგრამით მუშაობას.
სასწავლო გეგმა მოიცავს ხუთ საგანმანათლებლო სფეროს, – ფიზიკური განვითარება, მეტყველება, ხელოვნება, სამყაროს აღმოჩენა და მოსწავლედ ჩამოყალიბება.
ყოველდღიური მუშაობა ემყარება შემდეგ აქტივობებს – ხელოვნება, მუსიკა და მოძრაობა, სამაგიდო აქტივობები, წიგნიერება, მეტყველება, დრამატული, სენსორული და კონსტრუქციული აქტივობები, მეცნიერება, დილისა და საღამო წრეები.
ყველაზე მისაღები ჩემთვის, როგორც მეთოდისტისთვის და აღმზრდელებისთვისაც, ისაა, – ამბობს თამარი, – რომ თემატურია სწავლება; მაგალითად, ისწავლება ტრანსპორტის სახეეები, უსაფრთხოება, ჰიგიენა, შეგრძნებები, გეომეტრიული ფიგურები, დედამიწა და კოსმოსი და ა. შ. აღმზრდელს აქვს სრული თავისუფლება, პროგრამის შესაბამისად თვითონ მართოს სასწავლო აქტივობები.
ყველა ბაღის თითოეულ ჯგუფში გამოყოფილია ცენტრები – ხელოვნების, მეცნიერების, კულინარიის, ბიბლიოთეკის. ბავშვი თავად ირჩევს და თამაშობს იმ ცენტრში, სადაც სურს აქტივობა.
თითოეული აღსაზრდელისთვის იქმნება პორტფოლიო, რომელშიც ინახება მისი ნამუშევრები. პორტფოლიო ნათლად გვიჩვენებს, თუ რა თემები გაიარეს ბავშვებმა, რა მუშაობა ჩაატარა აღმზრდელმა. ყოველი თვის ბოლოს იქმნება და პორტფოლიოებში ინახება თითოეული ბავშვის ფსიქოლოგიური დახასიათება და გონებრივი განვითარების შეფასება, – კონკრეტული თემის შესწავლით აღსაზრდელმა რას მიღწია და რაში გამოვლინდა სირთულეები. ბავშვის სწორად და ეფექტურად განვითარებისთვის მასწავლებლები სისტემატურად აცნობენ მშობლებს მიღწეულ შედეგებს.“
ინვენტარით, დიდაქტიკური და სამუშაო მასალებით, საბავშვო მხატვრული ლიტერატურითა და ვიდეოფილმებით სისტემატურად და საჭიროებისამებრ ამარაგებს სოფლის ბაღებს გაერთიანების დირექცია. ქეთევან ზუმბაძე და თამარ ავალიშვილი ამბობენ, რომ მათ სურთ, ხარაგაულის საბავშვო ბაღის აღზრდილები განვითარებით არ ჩამოუვარდებოდნენ ქალაქელ თანატოლებს.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ქეთევან ზუმბაძესთან, მეთოდისტს თამარ ავალიშვილთან და დირექციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბორითის, კიცხის, ვერტყვიჭალისა და ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში (გამგეები თამარ ტაბატაძე, გულიკო მაღლაფერიძე, ზაირა ბარბაქაძე, მაია მჭედლიძე) ვიმყოფებოდი.
-მონიტორინგის ჯგუფი ყოველთვიურად ან ორ თვეში ერთხელ ეცნობა საბავშვო ბაღებში მდგომარეობას, – გვიამბობს ქეთევან ზუმბაძე, – ეს არის არა შემოწმება, არამედ მეგობრული ვიზიტი თითოეული ბაღის მუშაობის შესაჯამებლად. უნდა შეფასდეს, სად რა პრობლემა გვაქვს. თუ რაიმე სისუსტეა, აუცილებლად ვეცდებით და გამოვასწორებთ. ძლიერი მხარეების შეფასებით თანამშრომლებს ვაძლევთ სტიმულს, რომ უფრო იაქტიურონ და მეტად დაინტერესდნენ.
სოფლებში ვეცნობით ბავშვებს და ვუსმენთ მათ მშობლებს. რაც უფრო ხშირად მიხვალ, მით მეტს ხედავ და საფუძვლიანად გებულობ. დღეს, მაგალითად, ვნახე, რომ ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღს სჭირდება ელექტროსადენი, სამზარეულოს ინვენტარი და ოთხი ახალი მაგიდა.
ხუნევის საბავშვო ბაღშიც (გამგე მარიამ ნოზაძე) ასევე სჭირდებათ ოთხი მაგიდა იმისთვის, რომ მუდმივად არ ატარონ ავეჯი სასადილო და სასწავლო ოთახებს შორის.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის სამ ჯგუფში სველი წერტილია მოსაწესრიგებელი და გვინდა, რომ დარბაზი გავარემონტოთ. ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში გასარემონტებელია სამზარეულო, აღმზრდელებისთვის სველი წერტილი. მოლითის საბავშო ბაღში (გამგე ნათია ჩუბინიძე) აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ საძინებელი და სამზარეულო. სპორტული ინვენტარი და ეზოს სათამაშოები გვჭირდება მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში.
წლიურად 500 ათასი ლარი, საიდანაც 380 ათასი ლარი ხელფასისთვის, 80 ათასი ლარი კი კვებისთვისაა განკუთვნილი, ნამდვილად არ არის ცხრა საბავშვო ბაღისთვის ბევრი.
სოფლის ბაღების შემოვლისას ქეთევანს უხაროდა, – ორ საქმე ვაკეთებთ ერთად და ტრანსპორტირების თანხა დაგვეზოგაო. მანქანით, რომლითაც მონიტორინგის ჯგუფი გადაადგილდებოდა, იმავდროულად ბაღებში მიჰქონდათ საკვები აღსაზრდელებისთვის. თვეში ორჯერ ბაღის გამგეებს გაერთიანებისგან დაქირავებული ტრანსპორტით მიაქვთ საჭირო საკვები პროდუქტები.
გვინდა შეგახსენოთ, რომ ლეღვანში, ვახანში, კიცხსა და ვარძიაში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. დაგეგმილია ბაღების აგება წყალაფორეთსა და ხიდარში. გაუქმებული საბავშვო ბაღის შენობა გარემონტდება და საბავშვო ბაღი გაიხსნება ზვარეში. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბორითის საბავშვო ბაღს, სადაც ორი ახალი ჯგუფი დაემატება.
-გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გუბერნატორის ვიზიტისას ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
ასე რომ, უახლოეს მომავალში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ცხრა საბავშვო ბაღს – ხევის, წყალაფორეთის (გამგეები ნინო ბუხნიკაშვილი, გულო ხარატიშვილი), ხარაგაულის #1 და #2, ბორითის, კიცხის, ვერტყვიჭალის, ხუნევისა და მოლითის – კიდევ ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება ვახანში, ლეღვანში, ვარძიაში, ზვარესა და სამომავლოდ – ხიდარში.
საქმიანობაში წარმატებებსა და პრობლემების დაძლევას ვუსურვებთ გაერთიანების დიდ და შეკრულ კოლექტივს.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,