2019 წლის ბიუჯეტში ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის 30 ათასი ლარი დაიგეგმა. საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირების პირობა, ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, იმერეთის მხარის მაშინდელმა გუბერატორმა ზაზა მეფარიშვილმა დადო. მას შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების გაზიფიცირებისთვის თანხები ვერ გამოიძებნა. 2017-2018 წლებში გაერთიანებაში დასაქმებულთა ხელფასები, ბიუჯეტში არასაკმარისი ფინანსების გამო, 10-20%-ით შემცირდა.

საკმარისია თუ არა 30 ათასი ლარი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის, – ამ შეკითხვით ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.

„გაერთიანებას ფინანსური პრობლემები, წლებია, აქვს, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – შარშანაც გვინდოდა, რომ გაზიფიცრებისთვის პროექტი მოგვემზადებინა. თუმცა, ჩვენი ბიუჯეტი დეფიციტურად დაიგეგმა. თუ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად გაზიფიცირდება, მაშინ სამზარეულო ცალკე უნდა აშენდეს. ახლა გადავწყვიტეთ, რომ სამზარეულო არ გაზიფიცირდეს. დღეს იქ ბუნებრივი აირის ახალი ბალონები გვაქვს. ბევრ ქალაქში საბავშვო ბაღების სამზარეულოები ელექტროქურებითაა აღჭურვილი. ჩვენ ელექტროქურებს ვერ შევიძენთ, რადგან ძალიან ძვირია. ამავე დროს საბავშვო ბაღის შენობაში ელექტროსისტემა მთლიანად გამოსაცვლელია. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღიც გაზიფიცირდეს. ეს უფრო ნაკლები დაჯდება, თუმცა წელს ამას ვერ შევძლებთ.

საბავშვო ბაღში სწავლის განახლებისთანავე დავიწყებთ პროექტის მომზადებაზე ზრუნვას. 30 ათასი ლარი საკმარისია იმისთვის, რომ 2019 წლის ზაფხულზე ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობა გაზიფიცირდეს და თბობის სეზონს შეშის ღუმელების გარეშე შევხვდეთ.“

ნინო კაპანაძე