სასურსათო პროდუქტთა შორის ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი შეიცავს ადამიანის არსებობისათვის აუცილებელ ნივთიერებებს, განსაკუთრებით ვიტამინებს. ბოსტნეულ კულტურებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი პამიდორს უჭირავს. იგი ფართოდ გავრცელებული ბოსტნეულია საქართველოში, თითქმის ყველა რაიონში მოჰყავთ, ზღვის დონიდან 1700 მ-მდე.

ხარაგაულში საკარმიდამო ნაკვეთებში, ბოსტნებში ყველა სოფელში მიჰყავთ პამიდორი, თუმცა გასულ წელს ეს მცენარე სერიოზულად დაზიანდა, ძირითადად ვირუსული და სოკოვანი დაავადებებისაგან. იმისათვის, რომ არ დაზიანდეს პამიდვრის ჩითილები და შემდეგ მოსავლიანობა, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება.

პამიდორი მიეკუთვნება ძაღლყურძენასებრთა ოჯახს, რომელშიც შედის აგრეთვე ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი და სხვ. პამიდვრის წარმოებისას აუცილებელია თესლბრუნვის დაცვა (უნდა წარმოებდეს კულტურათა მინაცვლეობა). დაუშვებელია პამიდვრის მოყვანა იმ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს განთავსებული იყო ისეთი კულტურები, როგორებიცაა: კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი ან წიწაკა. მათ საერთო მავნებელი დაავადებები აქვთ.

საჭიროების შემთხვევაში ჩითილების გადარგვამდე აუცილებელია ნიადაგის დამუშავება ჰერბიციდებით (სარეველების საწინააღმდეგო პესტიციდი), რადგან სარეველა მცენარეები მავნებლობისა და დაავადებების გავრცელების უმთავრეს წყაროს წარმოადგენენ.

საადრეო მოსავლის მიღების მიზნით და საერთოდ, მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე ადგილებში (მაღალმთიანი ზონა) პამიდორი ჩითილის მეთოდით მოჰყავთ.

აუცილებელია გამძლე ჯიშების და სათანადოდ დამუშავებული თესლის შერჩევა. თესლი უნდა დამუშავდეს თანამედროვე თესლის დასამუშავებელი ინსექტო-ფუნგიციდით (მწერების და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით) ან კალიუმ პერმანგანატის 1%-იანი ხსნარით 15-20 წუთის განმავლობაში. შესაძლებელია 2-3 წლის თესლების გამოყენებაც, რადგან ამ პერიოდში სოკოვანი და ვირუსული ინფექცია გაივლის.

კარგ შედეგს იძლევა ჩითილების დამუშავება გადარგვამდე 3-4 დღით ადრე სისტემური მოქმედების ფუნგიციდებით (სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო) და ინსექტიციდებით (მწერების სააწინააღმდეგო).

პამიდორზე გვხვდება სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები, ნიადაგის მიწისზედა             ნაწილების მავნებლები. აღნიშნული მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პამიდოროი ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა შეიწამლოს: 1) ჩითილის დარგვამდე, 2) ჩითილის სიმაღლე 15-20 სმ-ია, 3) ყვავილობის დასაწყისში, 4) 3-ჯერ თითო კვირის შუალედით. ამის შემდეგ სასურველია ვეგეტაციის ბოლომდე ორ კვირაში ერთხელ წამლობა 1%-იანი ბორდოული სითხით ან რომელიმე სპილენძშემცველი ფუნგიციდით.

წამლობა ხდება ფუნგიციდებით (სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით) და ინსექტიციდებით (მწერების სააწინააღმდეგო პრეპარატებით). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პამიდორი მეტ მოთხოვნილებას აყენებს ფოსფორზე, ვიდრე აზოტსა და კალიუმზე. დიდ ეფექტს იძლევა სასუქი კრისტალონის გამოყენება ზრდის საწყის პერიოდში და ყვავილობისას.

საბოლოოდ, ჩვენი შრომა რომ შედეგიანი იყოს, კიდევ ერთხელ, საჭიროა გატარდეს ბრძოლის შემდეგი ღონისძიებები:

1. თესლბრუნვა – (ნიადაგის შერჩევა კულტურათა მონაცვლეობით);

2. სათანადოდ დამუშავებული და გამძლე ჯიშების შერჩევა;

3. სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა;

4. დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა;

5. სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები, ჩითილების ზუსტი შერჩევა, ვირუსული დაავადებების მქონე მცენარეების მოსპობა.

6. მცენარეების ნაჩენების მოსპობა (გამოტანა და დაწვა ბოსტნიდან).

ნინო სახვაძე

ბიოლოგი, ეკოლოგი

T-593 58 46 22