ჩვენი მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით გთავაზობთ მეფუტკრე ლაშა გურგენიძის რჩევებს ამ ეტაპზე საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ:

-დამთავრდა ფუტკრისთვის კანდის მიცემა. წინა წერილში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ძალიან კარგია, თუ კვების პერიოდში ფუტკარს სულ კანდს მივცემთ. ამის შესაძლებლობა ნაკლებია და გადავდივართ ფუტკრის ვაჟინით (სიროფი) კვებაზე. საწყის ეტაპზე უნდა მივცეთ 300-400 გრამი ვაჟინი ერთ ოჯახს. თუ კარგად აითვისებს, ვუმატებთ დოზას ნახევარ ლიტრამდე. ამ პროცესისთვის კარგი მეურნე მეფუტკრე ფინანსურად უკვე მომზადებულია.

ვაჟინის (სიროფი) მოსამზადებლად არ არის სავალდებულო ადუღებული წყალი. წყალი იმ ტემპერატურამდე უნდა იყოს თბილი, რომ შაქარი გაიხსნას. ერთი კგ შაქარს გავხსნით ერთ ლიტრ წყალში. ვაჟინთან ერთად ყოველ მესამე-მეოთხე კვებაზე ფუტკარს ვაძლევთ ანტიბიოტიკებს – ერთ კგ შაქარზე 2 გრამი ნატრი,1 გრამი ოქსი და ნორსულფაზონ ნატრი.

ამ დროს საფუტკრეში, შესაძლოა, აღმოჩნდეს სოკოვანი დაავადება ასკოსფეროზი ანუ ჩაკირვა. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ვაჟინთან ერთად სამი-ოთხი კვებისას უნდა შევურიოთ ნიორი – 5 კგ შაქარზე ერთი თავი.

ზამთარში შეჩერებული კვერცხმდებელობა რომ გაიზარდოს, ვაჟინთან ერთად ფუტკარს უნდა მივცეთ 3-4-ჯერ დედის სტიმულატორი. აღსანიშნავია, რომ მისი შერევა არ შეიძლება ანტიბიოტიკთან.

ვაჟინის მიცემის პერიოდში თუ დედის კვერცხმდებლობა არ გაიზარდა, უნდა მივეშველოთ ოჯახს. შესაძლოა დედა ფუტკარი ნაკლებ მწარმობელია – 3-4 წლისაა, ან ფიზიკურად დაზიანებულია. კარგი კვებით და ხელშეწყობით სკაში უნდა გამოვიყვანოთ ახალი დედა ფუტკარი. სკაში არ უნდა დაირღვეს თაობათა ცვლა. ეტაპობრივად, ერთი კვირის მანძილზე, ნაკლებკვერცხიანი ჩარჩოები უნდა მივაწოდოთ სკას.

ამ პერიოდში მეფუტკრემ უნდა დაიწყოს სკების გაწმენდა ნაგვისგან. სკაში ჩამოყრილი სარქველები ჩრჩილის პეპელას გასამრავლებლად საუკეთესო პირობაა. მეფუტკრე კარგად უნდა დააკვირდეს სკაში დედის ეფექტიანობას. დედა ფუტკარზეა დამოკიდებული, თუ როგორ მომზადდება ოჯახი ღალიანობისთვის. ახლა ფუტკარს ღალიანობისთვის ვამზადებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.