საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, – სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდეს.

ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები სისტემატურად უნდა დალაგდეს, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. სკოლის ექიმები უნდა ჩაერთონ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

წყარო