რას ისურვებდნენ 2019 წელს ხარაგაულში – ამ შეკითხვით ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართეთ.

შორენა ყანჩაველი: -ხარაგაულში ვისურვებდი ბევრ ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდას, რომლებიც საკუთარ ცოდნას ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას მოახმარენ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი გაღიმებული და ბედნიერი ადამიანი მხვდებოდეს ხარაგაულში. ჩემთვის ბედნიერება ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნასთან ასოცირდება. მინდა, ყველა ხარაგაულელს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ელემენტარული საარსებო მოთხოვნები დაიკმაყოფილონ, შობა-ახალი წელი და ყველა დღესასწაული ბედნიერად გაითენონ.

თორნიკე ბაკურაძე: -ვისურვებდი, რომ ქართველები ერთი საერთო მიზნისა და ინტერესის გარშემო გავერთიანდეთ, საერთო ფასეულობებზე შევთანხმდეთ. აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღი პროცესია და განვითარება განსხვავებული აზრების პატივისცემის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, საერთო ეროვნული ინტერესები უნდა გვქონდეს, რაც იქნება ხელშეუხებელი და ძირითადი პრინციპი, როგორიც აქვს ამერიკას და სხვა ქვეყნებს.

რაც შეეხება ხარაგაულს, ვიცით, რომ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და მათი გადაჭრა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. უმადურები არ ვართ, მაგრამ რაც გაკეთდება, ხარისხიანად უნდა გაკეთდეს.

მომავალ თაობას უფლის რწმენასა და სიყვარულს, თავდადებულ სწავლასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვუსურვებ. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

ზაზა ლურსმანაშვილი: -ყველა ხარაგაულელს კეთილდღეობას, ოჯახებში მშვიდობასა და ბარაქას ვუსურვებ. ჰქონოდეთ იმის შესაძლებლობა, რომ 2019 წელს ლამაზად შეხვედროდნენ. ჩემი სიხარული და ჩემი ცხოვრება ბავშვებთან ურთიერთობაა. ყველა მათგანს ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ. გაიხარეთ.

მარიკა ხარატიშვილი: -პირველ რიგში, ჩემი შვილების საჭიროებებიდან გამოვალ და ხარაგაულში ატრაქციონებს ვისურვებ. ვისურვებდი ასევე, რომ ქარის ამოვარდნისას დენი არ გვეთიშებოდეს, ყოველ გაწვიმებაზე წყალი არ წყდებოდეს. ეს მოსახლეობას ძალიან გვაწუხებს. ჩემი ფოტო-სალონის წარმატებას, ჩვენი შვილების კარგად ყოფნას ვისურვებ. მსურს, რომ ხარაგაულის ქუჩებში ადამიანები ბედნიერი ღიმილით დადიოდნენ. ჰქონდეთ იმდენი შემოსავალი, რომ შვილები ჯანმრთელად, კარგად აცხოვრონ და მინიმალური განათლება მაინც მისცენ.

ია ხარაზიშვილი: -2019 წელს ყველა ხარაგაულელს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას ცხოვრების დონის ამაღლებას და რაც მთავარია, მშვიდობიან 2019 წელს ვუსურვებ.

ლუკა გურგენიძე: –მინდა, რომ 2019 წელს ხარაგაულში ახალი პროექტები განხორციელდეს. მეტი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ჩატარდეს, რომლებიც იქნება უფრო მასშტაბური და განსხვავებული.

მარიამ კიკნაძე, კესო ჩხიკვაძე, ქრისტინე მაღრაძე, არმაზი შავიძე
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები