
მარელისელი ძმების, სოსო და ტარიელ მაღრაძეების ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს.
განსაკუთრებული ერთფეროვნება ზამთრის პირზე იგრძნობა, როცა უმეტეს დროს ერთ ოთახში, ღუმელთან ატარებენ.
2016 წლამდე სოსო მაღრაძე თბილისში ცხოვრობდა და მშენებლობაზე მუშაობდა. ხერხემლის ტკივილმა რომ შეაწუხა, ექიმებს მიმართა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ ნეიროქირურგმა სასწრაფო ოპერაცია გადაწყვიტა. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ სიარული ვეღარ შეძლო და საწოლს მიეჯაჭვა. უსახსრობის გამო მასაჟები და სარეაბილიტაციო კურსი ვერ ჩაიტარა. სოსოს უკვე მეტყველება უჭირს. დროდადრო წელის, ფეხისა და ხელის ტკივილი აწუხებს. მისი მომვლელი და იმედი უმცროსი ძმა ტარიელია.
დილით, გაღვიძებისთანავე, ტარიელი სახლის დასუფთავებას და ძმისთვის საუზმის მომზადებას იწყებს. პირველი, რაც მათ სახლში შესულს თვალში მოგხვდებათ, იდეალური სისუფთავე და კოხტად მილაგებული ოთახებია. საახალწლოდ, განწყობის შესაქმნელად, ტარიელს ფანჯრები ნაძვის ხის სათამაშოებით მოურთავს.
საძინებლიდან გამოყვანილ ძმას რომ ასაუზმებს, შემდეგ ტელევიზორს ჩაურთავს. თავად კომპიუტერთან ჯდება და სამაგიდო თამაშების ჩემპიონატებში ერთვება. ეს მის ყოველდღიურობას ცოტათი ახალისებს.
მაღრაძეების ოჯახის შემოსავალი სოსოს ყოველთვიური პენსია ასი ლარია. 2017 წლის ბოლოს მეორე ჯგუფი მიანიჭეს და პენსია ერთი წლით დაუნიშნეს. უახლოეს დღეებში ტარიელმა სოსო ზესტაფონში სამედიცინო კომისიაზე უნდა წაიყვანოს, რომ სტატუსი გაუგრძელდეს ან შეეცვალოს. ტარიელი ფიქრობს, რომ მის ძმას პირველი ჯგუფი ეკუთვნის. ზესტაფონში ძმის მანქანით წაყვანა მეზობელს უნდა სთხოვოს. ეს სოსოსთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ ადგილზე კომისიის ამოყვანას მათთვის დიდი თანხა სჭირდება. 75 ლარი ყოფილა საჭირო და კომისიის ტრანსპორტირებაც თავად უნდა უზრუნველყოს.
ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნაზე უარი მიიღეს. ტარიელისთვის გაუგებარია, რის მიხედვით ენიშნებათ ოჯახებს ფულადი შემწეობა. ძალიან უკვირს, ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად რატომ ისმება შეკითხვა – იატაკი ხის არის თუ ბეტონის. გამოდის, სულს უნდა ღაფავდე, ფულადი დახმარება რომ დაგინიშნონო, – ამბობს ტარიელი.
ტარიელ მაღრაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურსაც მიაკითხა და ძმისთვის ექიმისგან დანიშნული მედიკამენტების შეძენაში დახმარება ითხოვა. უარი უთხრეს, რადგან სოსოს დიაგნოზი პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლა საახალწლოდ ერთჯერად ფულად დახმარებას ელოდებიან.
ოჯახის სარჩენ ფულს ყოველთვის ვიშოვი, მაგრამ სამუშაო რომც იყოს, სახლიდან დიდხანს ვერ გავალ და ძმას ვერ დავტოვებო, – გვითხრა ტარიელმა. ძმას ცოტა ხნით ტოვებს, როცა საყიდლებზე წასვლა აუცილებელია.
პროფესიით ინჟინერ-გეოდეზისტი ტარიელ მაღრაძე ერთ დროს ძალიან აქტიურად ცხოვრობდა. წლების მანძილზე თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანასა და თბილისის მერიაში მუშაობდა. შემდეგ მარელისში დაბრუნდა და მცირე სამეწარმეო საქმიანობაში ჩაება.
„ფინანსები ჯანდაბას, ფსიქოლოგიურად ვარ მძიმე მდგომარეობაში, – ამბობს ტარიელ მაღრაძე, – რთულია, როცა საწოლს მიჯაჭვულ ძმას უვლი. ქალებს ძალიან მყარი ფსიქიკა გაქვთ და ასეთ პრობლემებს უმკლავდებით… ხანდახან მეგობრები გვაკითხავენ. ტელევიზორი კი გვაქვს, მაგრამ ქართული არხები, ერთი წელია, არ მინახავს. რესივერი რომ შეცვალეს, მარტო თურქულ და რუსულ არხებს ვიჭერთ. ვეღარ მოვიგდე ხელში 70 ლარი, ახალი რესივერი რომ შევიძინო. ძალიან არ მსიამოვნებს რუსულ არხებს რომ ვუყურებთ, მაგრამ რა ვქნა.
სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევ. სახლში მუდამ წესრიგი უნდა იყოს. იატაკის მოწმენდას და სარეცხის გარეცხვას რა უნდა, როცა ეზოში წყალი მოდის. სარეცხის მანქანა არ მაქვს და ხელით ვრეცხავ. სახლში საქმეს რა გამოლევს. ერთი ეგაა, სიგარეტის მოწევას თავი ვერ დავანებე. სახლში რომ ვეწევი, კვამლი ფარდებს ხშირად აჭუჭყიანებს. სიგარეტს ბევრი ფული უნდა. ამიტომ თუთუნს ვეწევი.
…სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანი მეასე ხარისხოვანია. ამერიკაში მცხოვრები ჩემი ნათესავი გვესტუმრა ამასწინათ და მიყვებოდა, ბანკში კრედიტის სახით აღებულ 25 ათას დოლარზე წლიური საპროცენტო გადასახადი 150 დოლარიაო. სახელმწიფო იქ ხალხს მაქსიმალურად ეხმარება. ჩვენთან ადამიანის სიცოცხლე ფასეული არ არის.“
სოსო მაღრაძეს, ორი წელია, მიწაზე ფეხი არ დაუდგამს. მთელი დღე ან ტელევიზორს უყურებს, ან ფანჯარაში იცქირება იმის იმედით, რომ ვინმე მივა და დაელაპარაკება. დაავადება თანდათან რთულდება და ნელ-ნელა ძალებს ართმევს. სარეაბილიტაციო კურსი კი ძალიან ძვირია…
P.S. არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით გარკვეულ შედეგს მიაღწიეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშობელთა კომიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან შშმ პირთა მომვლელები ყოველთვიურად 20-20 ლარს მიიღებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ასეთი 30 პირია.
ნინო კაპანაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ