ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს დასამტკიცებლად, 14 დეკემბერს განიხილავს. მანამდე დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განიხილეს და შენიშვნებით მერიას მიმართეს. ეს შენიშვნები გამოქვეყნებულია გაზეთ „ჩემი იმერეთის“ 23 ნოემბრის ნომერში. ამჟამად კი გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის გათვალისწინებას აპირებს მერია საკრებულოსგან გამოთქმული წინადადებებიდან.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, არ არის სრულად პროგრამული, – ნათქვამია მერიისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში, – თუმცა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2020 წლის ბიუჯეტის პროგრამულად დაგეგმვისათვის მერია აქტიურად აპირებს, ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისგან შემოთავაზებულ სწავლებაში. გადამზადდება მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დარგობრივი პროგრამებისა და პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობენ. გადამზადება ხორციელდება, უფასოდ, საწევროს ფარგლებში. სწავლება განხორციელდება უწყვეტად მთელი პროგრამის განმავლობაში და გაიცემა სერტიფიკატები.
- ხარაგაულის სამხედრო სამსახურისა და ჯანდაცვის ცენტრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი ტრანსფერი არასაკმარისია. ამიტომ ამ სამსახურებს დამატებითი სახსრები ეძლევათ მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობებიდან. მიზნობრივი ტრანსფერის გასაზრდელად მუნიციპალიტეტმა წელსაც მიმართა ფინანსთა სამინისტროს. მომავალში გვპირდებიან, რომ აღნიშნული ტრანსფერით დაფინანსების საერთო წესი ყველა მუნიციპალიტეტისთვის შეიცვლება.
- ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელფასების გაზრდის თაობაზე გაცნობებთ, რომ გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასები ეტაპობრივად მოწესრიგდება. ამ ეტაპზე ხელფასები, დაახლოებით 6%-ით, ხარაგაულის N1 და N2 საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ეზრდებათ. ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისათვის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იქნება 30 ათასი ლარი. სოფლის ბაღებში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის საკითხი დასმულია მუნიციპალური განვითარების ფონდის წინაშე; არსებობს დაპირება და პარკების რეაბილიტაციასთან ერთად განთავსდება საბავშვო ატრაქციონები.
- ხიდებისა და ხიდ-ბოგირების მოსაწყობად 2019 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული იქნება ამ ეტაპზე 40 ათ. ლარი და შემდეგ გაიზრდება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, საჭიროებისამებრ.
- ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულია და დახმარების ოდენობა დარჩა უცვლელი, – 1 500 ლარი.
- ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის წესი იხვეწება.
- მოსაზრება შშმ პირის ოჯახისთვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ გათვალისწინებული იქნება მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“ წარმოადგენს სრულყოფილ პროექტს.
- სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო თანხა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოიყოფა.
- სოფელ ბაზალეთში 9 აპრილს დაღუპული ელისო ჭიპაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალური დაფა მოეწყობა ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ხარჯებიდან.
- მუსიკის სწავლა სავალდებულო არ არის. ამიტომ მუნიციპალიტეტი, ისედაც მცირე საბიუჯეტო რესურსებით, სამუსიკო სკოლასა და სტუდია „ჰარმონიაში“ არსებულ მოსწავლეთა კონტინგენტს სწავლის გადასახადისგან მთლიანად ვერ გაათავისუფლებს. შესაბამისი ააიპ-ების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს შეღავათი გაუწიონ.
- მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები 2019 წლისათვის 10 ათასი ლარით გაიზარდა. ამ თანხით დამატებითი ხაზი ურთიერთშეთანხმებით გაიხსნება.
- ააიპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში გათვალისწინებულია ხარჯები წარმატებული სპორტსმენების წასახალისებლად; რაც შეხება ტანვარჯიშის სექციის გახსნას, სპეციალისტის მოძიების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
- უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტით სწავლების პროგრამა, ადაპტირებული გარემოს გათვალისწინებით, კვლავ გაგრძელდება ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში.
- ააიპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი 2019 წელს უზრუნველყოფს ზვარის საზაფხულო კარვების ბანაკის მოწყობას.
- ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 2019 წლის ხარჯებში გათვალისწინებულია სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა.
- სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სახელმწიფო ახორცილებს მთელ რიგ პროექტებს, რომელშიც ჩართულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც. ეს პროგრამები მუნიციპალიტეტების ჩართულობასა და თანადაფინანსებას არ ითვალისწინებენ. ამიტომ ადგილობრივ ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.
- მიმდინარეობს ბეჭვდითი მომსახურეობისა და სათნოების სახლის მომსახურების შესყიდვაზე მუშაობა.
- იუსტიციის სამინისტროსთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება სოფელ მოლითში სოფლის სახლის საპროექტო სამუშაოების შესასყიდად.
2019 წლის ბიუჯეტი, საკრებულოსგან გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, 100 ათასი ლარით გაიზარდა, ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების გეგმის გაზრდით.
დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ახალ საბიუჯეტო წელს, წინა წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლები მთლიანად უნდა მიიმართოს არაფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებული გადასახდელების დასაფინანსებლად, რაზედაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას კიდევ ერთხელ მკაცრად მიუთითა ფინანსთა სამინისტრომ. ამიტომ 100 ათასი ლარიდან ინფრასტრუქტურის ხარჯები გაიზარდა 30 ათასი ლარით, განათლების ხარჯები 45 ათასი ლარით და საკრებულოს ხარჯები, ახალი ფრაქციის დამატების გამო, 25 ათასი ლარით.
ამავე თემაზე
ხარაგაულის 2019 წლის ბიუჯეტი, პროექტით, 7 625 800 ლარით განისაზღვრა