შშმ სტატუსის დამადასტურებელს დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ. აქციის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა.

თეა წულუკიანის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი − 1 500 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმ პირებისათვის გამოცხადდა.

იუსტიციის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შშმ პირთა მონაწილეობით მომზადდა კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ძირითად პრინციპებს და შშმ პირების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებასა და განვითარებას. დღეისათვის მიმდინარეობს კანონპროექტის ფინანსური შეფასების პროცესი, რომელსაც „UNDP“-ის მიერ შერჩეული საერთაშორისო ექსპერტი აწარმოებს. ამის შემდეგ კანონპროექტი მთავრობას წარედგინება.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება. მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.

შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს უწყებების ვებგვერდები და ონლაინსერვისები. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც უსინათლო და მცირემხედველთათვის, ისე სმენადაქვეითებულთა და ყრუთათვის.