18 წლის ნინო გელაშვილი არჩევნებში წელს პირველად მონაწილეობდა.
ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია. არჩევნებში ხმის მისაცემად თბილისიდან ხარაგაულში სპეციალურად ჩამოვიდა. ის თვლის, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია, საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს და ამით ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.
„ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასგან სპეციალური ფლაერი მივიღე, როგორც არჩევნებში პირველად მონაწილემ, – ამბობს ნინო გელაშვილი, – ამან არჩევნებში ხმის მიცემის სურვილი გამიძლიერა.
წინასაარჩევნო კამპანია ძალიან დაძაბული იყო და ეს თბილისში უფრო მკვეთრად იგრძნობოდა. ჩემზე ამ პროცესებმა უარყოფითად იმოქმედა. მაღიზიანებდა კანდიდატებს შორის დაპირისპირება და პროცესების მიკერძოებულად გაშუქება. რეკლამებიც კი აგრესიული იყო. რამდენჯერმე ლექციები გაგვიცდა იმის გამო, რომ კანდიდატები აქციებს უნივერსიტეტის ეზოში მართავდნენ.
მინდა, რომ მომავალი არჩევნები სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარდეს და ამომრჩევლებს მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის მთავარია, რომ ხმის მიცემა ფარულია და საარჩევნო კაბინაში გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებ.“
საქართველოში რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. მოსახლეობის უმრავლესობამ პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აირჩია.
როგორ ჩატარდა არჩევნები #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში და რა გვიჩვენა არჩევნების შედეგებმა, – ამ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები საუბრობენ.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე ამბობს, რომ არჩევნებმა ხარაგაულში მშვიდად ჩაიარა.
„პირველი და მეორე ტურის შემდეგ ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე ისეთი საჩივარი შემოვიდა, რომელიც, რომც დაკმაყოფილებულიყო, არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, – ამბობს გია ცისკაძე, – მადლობას ვუხდი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცედურები #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში კანონის დაცვით ჩატარებულიყო. ვფიქრობ, რომ საქართველოში პარტიებისა და ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურა გაიზარდა. ნელ-ნელა სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა გვიძლიერდება.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს „მარაზმსა და უკანონობას“ უწოდებს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა ამომრჩევლის დასაშინებლად – მათ შორის იყო სოციალური დახმარებისა და პენსიის მოხსნის მუქარაც. თორნიკე ავალიშვილი არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისაც დაემუქრენ და განმარტავს, რომ ამის შესახებ საარჩევნო შეხვედრებზე ეუბნებოდნენ.
ის ამტკიცებს, რომ დაინახა, არჩევნების დღეს ვარძიის საარჩევნო უბანზე „ბუტკაში“ფულს რომ არიგებდნენ, თუმცა ამ პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება ვერ შეძლო. თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ვარძიისა და ხევის საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებმა, ხელისუფლების წარმომადგენელთა დავალებით, საარჩევნო ბიულეტენებზე საკუთარი სახელი და გვარი მიაწერეს.
„არჩევნებზე დავინახეთ ის, რომ რასაც შრომობს და აკეთებს ხელისუფლება, ყოველთვის იმას მიიღებს. ზეწოლა, მოსყიდვა და სხვადასხვა მანიპულაციები არ უნდა ხდებოდეს, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა მივცეთ. ამ არჩევნებმა დამანახა, რომ „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ზოგიერთ წარმომადგენელს პარტიისგან მხარდაჭერილი კანდიდატი არ მოსწონდა.
მაქსიმალურად შევეცადე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პროგრამა ხარაგაულელ ამომრჩეველს გავაცანი. შედეგი ვიცით, რაც მივიღეთ. ტყუილია სახელისუფლებო პარტიის დაპირებები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის პასუხი მომავალშიც ადეკვატური იქნება.“
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე არჩევნების შედეგებმა დაარწმუნა, რომ ხალხთან უფრო მეტი სიახლოვეა საჭირო. „მოსახლეობის პრობლემები მყისიერად და ეფექტურად უნდა მოგვარდეს, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – მეტი აქტიურობა და ოპერატიულობაა საჭირო. ამ არჩევნებმა კარგად დამანახა, რომ სამწუხაროდ, მამაკაცები ძალიან მოიკოჭლებენ ზრდილობასა და ინტელექტში. ბევრი არაეთიკური ქცევა დავინახეთ ხარაგაულში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან.
ხალხზე ვითომ მზრუნველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია შექმნა. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტირებული ვიყავით. ჩვენ პროცესებს ისევ მშვიდად და წყნარად ვაგრძელებთ.“
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი