ჰამლეტ ბერაძე, კოოპერატივის – „მეღვინეობა კიცხი“ თავმჯდომარე: -დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ღირებული კავშირი, სადაც შეიძლება დავამყაროთ ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც არის დემოკრატიული, გვიზიდავს თავისი წარსულითა და მომავლით, არის ევროკავშირი. ევროპა არის ბებერი კონტინენტი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოსასვლელად დიდი გზა გაიარა.

თუ რამე პროექტი კეთდება დღეს საქართველოში, მათი უმრავლესობა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მათ შორის, პირადად მე ორი პროექტი განვახორციელე. ორჯერ მოვიგეთ გრანტი მეღვინეობის განვითარებისთვის. იმას, რასაც დღეს ვაკეთებთ, ევროკავშირის დახმარების გარეშე ვერ განვახორციელებდით. საუბარია დაახლოებით 150 ათას ლარზე, რისი მობილიზების შესაძლებლობაც ქართველ ფერმერს იშვიათად აქვს.

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

არსებობს გარკვეული მითები ევროპასთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ვინმე შეზღუდავს ჩვენ ტრადიციებსა და სარწმუნოებას. პირიქით, მათ მოსწონთ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი წეს-ჩვეულებები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოდიან აქ, როგორც ტურისტები და ვფიქრობ, ჩვენგან უფრო მეტი მიაქვთ, ვიდრე ჩვენ მოგვაქვს იმათგან.

რაც შეეხება ჩვენ მოსახლეობას, მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციით ბევრმა გაიგო, რა არის ევროკავშირი, როგორი დემოკრატიაა იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის იმიტომ, რომ ადამიანი დაფიქრდება, როგორი მომავალი გვინდა.