18 ივნისს რიკოთის უღელტეხილსა და ლიხის ქედს სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. წვიმისშედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სავარგულები,დამხმარე შენობა–ნაგებობები, საავტომობილო გზა და სარკინიგზო მაგისტრალი. რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების რიკოთულას, სურამულას დაძირულას ადიდება გამოიწვია. მდინარეების ადიდებას თან დაერთო უღელტეხილზე მდებარეტყის მასივებიდან წამოსული ქვა–ღორღისა და ხე–ტყის უზარმაზარი მასის ჩამოდინებამაგისტრალის ტერიტორიაზე, რამაც ქვეშ მოიყოლა ავტომანქანების მთელი კოლონა და გზისპირზე გაშენებული კვების ობიექტები. სტიქიის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც ჯერ კიდევ ითვლება, 10 მილიონ ლარსაჭარბებს. განსაკუთრებული ზიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისსოფლებს – ხევსა და წიფას მიადგა.
რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სოფლის მაცხოვრებლები და რა ხდება ამჟამად სტიქიითდაზარალებულ სოფლებში, რა იღონა ხელისუფლებამ დაზარალებულთა დასახმარებლად, ამისშესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლების მცხოვრებლებიგვესაუბრებიან.ბადრი ხაჩიძე, ხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: -წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყლის უზარმაზარმა მასამ მოთხარა ხეები, მთლიანად წაიღო საცალფეხო ხიდები, ბურჯი გამოაცალა სამანქანო ხიდებს და სერიოზული ზიანი მიაყენა გზებს. მოსახლეობას წაართვა პირუტყვი და დაუზიანა სავარგულები.
სხვა მოსახლეებთან შედარებით მეტად დაზარალდა გელა ტაბატაძის ოჯახი. მის ეზოში შევარდა მდინარე, გაუნადგურა ნათესები და მას, ფაქტიურად, ეზო აღარ აქვს. საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ნათესების 60-70-% განადგურებულია – ნაწილი – წყლის, ნაწილი კი – სეტყვის შედეგად. დაიტბორა ხევის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი. ამის შედეგად სპორტული ინვენტარი განადგურდა. დაიტბორა სკოლის მეორე კორპუსის პირველი სართულის ორი ოთახი და საპირფარეშო.
დანგრეული და ჩაშვავებულია რიკოთის უღელტეხილზე შემოსავლელი ცენტრალური საავტომობილო გზა. ტექნიკა შეუჩერებლად მუშაობს.
რესტორნებიდან დაზიანებულია „ჯარგვალი“ და „ფაცხა.“ „ჯარგვალს“ საზაფხულო კოტეჯები ჰქონდა მდინარის პირას, მათ წყალმა ძირი გამოუთხარა და დატბორა. დაზიანდა პროდუქტების საწყობი. სასწრაფო შეკეთება სჭირდება ბურჯებგამოცლილ ხიდებს, რომლებიც სოფლებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. ფეხითაც შეუძლებელია ერთ-ერთ ხიდზე გადასვლა.
მინდა აღვნიშნო, რომ მაშინვე მოვიდნენ ადგილობრივი, რეგიონული, ცენტრალური ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ამან მოსახლეობას იმედი მისცა. შემდეგ დღეებში მე და მაჟორიტარმა დეპუტატმა აღვწერეთ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი, გადავუღეთ ფოტოები.
მოსახლეობა ძირითადად ითხოვს, რომ გავათავისუფლოთ ამერიკული სიმინდის თესლის ღირებულების გადახდისგან. მათ ფაქტიურად, ნათესები აღარ დარჩათ.
როგორც ხელისუფლება დაგვპირდა, მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დაუდგებიან.
გელა გუდაძე, წიფის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: -18 ივნისს, საღამოს 5 საათზე დაიწყო წვიმა. მერე თანდათან იმატა, ადიდდა მდინარე. წყალი გზადაგზა თხრიდა ხეებს და მოჰქონდა. ნიაღვარი საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა და დატბორა, სახლების ნაწილი ნახევრად დაანგრია. მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე ნათესები დაიტბორა. განადგურდა დამხმარე ნაგებობები. წყალმა წაიღო ხუთი საცალფეხო ხიდი, კაპიტალურ ხიდს ბურჯი გამოაცალა. სოფელ წიფაში ეკლესიის ეზოში რამდენიმე სასაფლაო დააზიანა წყალმა. მოსახლეობაში მისასვლელი და ცენტრალური გზებია გაფუჭებული. პრობლემები შეიქმნა რკინიგზაზეც. წყალმა შეიცვალა მიმართულება, წამოიღო ხეები, გაიჭედა ხიდის ქვეშ და გადავიდა ლიანდაგზე ზევიდან.
უფრო უარესი მდგომარეობაა ფონაში.
მეორე დღესვე მოვიდა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება – ბატონი თორნიკე ავალიშვილი, კაკო მაჭავარიანი, ლაშა ნიქაცაძე და ლადო მაღლაკელიძე. გაესაუბრენ მოსახლეობას, შეამოწმეს, სურათები გადაიღეს და დაიწყეს ზარალის დათვლა. მოსახლეობამ მოითხოვა მასალა, რომ ღობეები აღადგინოს. შედარებით მძიმე მდგომარეობაშია ორი ოჯახი. ერთ სახლამდე მისვლა შეუძლებელია. უბნებში საცალფეხო გზებია აღდგენილი.
თორნიკე ავალიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი: -სტიქიის შედეგად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა ხევისა და წიფის ტერიტორიული ერთეულების სოფლების მოსახლეობა.
ხევში მთავარ საგზაო მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. ჩაიხერგა ავტომობილები. ფაქტიურად გზის სავალ ნაწილზე მოდიოდა დიდი მდინარე. ხალხი საშიში ზონიდან ხარაგაულის, ქუთაისის სამაშველო სასმახურებმა და შსს-ს სამხარეოს წარმომადგენლებმა გამოიყვანეს ერთობლივი ძალებით.
მოვინახულეთ ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ. განსაკუთრებული ზარალი მდინარის პირას მცხოვრებ ოჯახებს მიადგა. სოფელ ხევში საცხოვრებელი სახლი არ დანგრეულა, მაგრამ შედარებით მძიმე მდგომარეობაშია ერთი ოჯახი. ყველა ზარალი, როგორც ინფრასტრუქტურის მხრივ, ისე მოსახლეობის აღწერილია და აუცილებლად ყველას დავეხმარებით. უმოკლეს ხანში, როგორც კი ზარალი დაითვლება, გაირკვევა, რა სახის იქნება ეს დახმარება. ამ საქმეში არა მარტო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაა ჩართული, არამედ მთლიანად მთავრობა. მოსახლეობასაც შევხდებით კიდევ ერთხელ. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას, ყოველ მიზეზგარეშე აღვადგენთ ყველაფერს.
ცუდი მდგომარეობაა წიფაშიც. სოფელ ხევისგან განსხვავებით, წიფაში მგზავრები არ იყვნენ მეწყერსაშიში ზონიდან გამოსაყვანი, თორემ აბსოლუტურად იგივე მდგომარეობაში ჩავარდა წიფის მოახლეობაც, როგორშიც ხევის. იქაც წაღებულია ხიდები, პირუტყვი. წიფაში სამი სახლია, სადაც შეუძლებელია ცხოვრება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ადგილზე კომისიურად შეისწავლა ყველაფერი და მათაც ყოველ მიზეზგარეშე დავეხმარებით.
ზოია ქველაძე, სოფელ გუდათუბნის მცხოვრები: -ჩვენს სოფელში იმ მომენტში მცირე ნალექი მოვიდა. წიფასა და ფონაში მოვარდა საშინელი სტიქია. შიშის ზარი გვცემდა, ზემოდან რომ ვუყურებდით მოვარდნილ მდინარეს. სოფელ წიფაში ბოჟაძეების ოჯახი ძალიან დააზარალა. საფლავები გადარეცხა, ლიანდაგი გადაკეტა. გუდაძეების უბანში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ერთ ოჯახში არ ცხოვრობენ, მაგრამ ეზო და სახლი სერიოზულად დაზიანდა. ღამბაშიძეების სახლს გამოაცალა საძირკველი. რომ შეხედავ მარტო სახლი დგას და ვერ იტყვი, რომ იქ ან ეზო იყო, ან ბაღი.
გელა მაღრაძე, სოფელ ლეღვანის მცხოვრები: -ჩემი სახლი წლებია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ ამ დღეებში ძლიერმა ნალექმა უარეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო. ნათესები და ვენახი დაგვიზიანდა. 7-8 ოჯახი ვართ ასეთ მდგომარეობაში. ჩვენს უბანში, კოდაბოლოს უბანში, ნათესები დაიტბორა, სხვაგან არ ვიცი. მაგთის ანძა დააყენეს ჩვენთან და იქ რომ ადიოდნენ სამხიდიანი მანქანები, მაშინ დაზიანდა გზა და იქედან იდინა წყალმა. კომპანია მაგთის სახელზე უნდა დავწეროთ განცხადება, რომ გზა შეაკეთონ.
გოჩა კვინიკაძე, სოფელ წიფას მცხოვრები: -წვიმა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ შემდეგ საშინელი წყალი მოვარდა. მოდიოდა შავი მასა და გზადაგზა თხრიდა საუკუნოვან ხეებს, მოჰქონდა უზარმაზარი ლოდები და ქვები. წიფის სარკინიგზო გვირაბთან ლიანდაგი გადაკეტა და მდინარე ლიანდაგზე ზემოდან გადმოვიდა. კიდე კარგი, რომ იქაურმა მაცხოვრებელმა, ბრიგადირად მუშაობს რკინიგზაზე, დარეკა, რომ სადგურიდან არც ერთი მატარებელი არ დაძრულიყო. მატარებლები ერთმანეთს სწორედ იქ უნდა შეხვედროდნენ, სადაც წყალმა გადმოკვეთა ლიანდაგი. ჩემი სახლი მდინარის პირასაა. პირველი სართული სულ დასილულია, აღარ არსებობს ღობე, ხეხილი, ნათესი. მდინარემ ფაქტიურად შეიცვალა კალაპოტი და გადადის ჩემს ეზოზე. ეზოში დარჩა ლოდები და ზემოდან წამოღებული საფლავის ქვები.
ერთი სახლი იყო მდინარის პირას, იქ ახლა არავინ ცხოვრობდა, და ორი კედელი დარჩა. აქეთ მდინარის პირას ოთხი ოჯახი ვართ და ყველგან პირველი სართული სილით არის სავსე. ისიც არ ვიცით, რამდენად უსაფრთხო იქნება ჩვენს სახლებში ცხოვრება. შეიძლება საძირკველი გამოცლილი აქვს. პირველ სართულზე რაც გვქონდა, იქ აღარაფერი ივარგებს. ჩვენ მეზობელთან ვათევთ ღამეს.
ჩვენს უბანში გამგებლის მოადგილეები ლაშა ნიქაცაძე და ლადო მაღლაკელიძე იყვნენ. ფაქტიურად სახლებამდე ვერ მივიდნენ. მდინარის მეორე მხრიდან გადაიღეს სურათები.
რა ზიანი მიადგა „ენერგო–პრო ჯორჯიას“ 18 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე დატრიალებულისტიქიის შედეგად. კონკრეტულად, რომელ სოფელში რა დაზიანდა და როგორი ვითარებააამჟამად, – ამ შეკითხვაზე „ენერგო–პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართფველოს ცენტრალურიფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა გეგუჩაძე გვპასუხობს:
-მიმდინარე წლის 18 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა დაზიანა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროგამანაწილებელი ქსელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ძირითადი ზარალი სოფლების ხევისა და მოლითის ქსელს მიადგა, სადაც მოვარდნილმა წყალმა წაიღო ერთი ტრანსფორმატორი, 32 მაღალი და დაბალი ძაბვის საყრდენი და დაახლოებით 4000 მეტრი სადენი. ენერგოკომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ხიდების არარსებობის გამო ზოგიერთ ადგილას ახალი საყდენების მიტანისა და დამონტაჟების პროცესი გაჭიანურდა. ამჟამად საყრდენები ყველგან არის ატანილი და სპეცტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს მათი მონტაჟი. აღდგენით სამუშაოებზე მუშაობენ როგორც ხარაგაულის მომსახურების ცენტრის ტექნიკური პერსონალი, ისევე ზესტაფონის, წყალტუბოს მომსახურების ცენტრებისა და ფილიალის სპეციალისტები, რათა დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დროულად დასრულდეს. კომპანია სამუშაოების დასრულებას 27-28 ივნისისთვის ვარაუდობს.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის წევრებთან და გუბერნატორებთან ერთად განიხილა.
გასული კვირის ბოლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თორნიკე ავალიშვილისგან შევიტყვეთ, რომ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 4 900 ლარი გამოიყო სასწრაფო-გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოებისათვის. ეს თანხა თანაბრად მოხმარდება ხევისა და წიფის ტერიტორიულ ერთეულებს.
ორშაბათს, 27 ივნისს, მზად იქნება ხევის ტერიტორიული ერთეულის ხიდ-ბოგირების, სამანქანო ხიდების ბურჯებისა და შიდა გზების პროექტები და ხარჯთაღრიცხვა, სამშაბათს – წიფის ტერიტორიული ერთეულის. ამ კვირაში დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ეს პროექტები მუნიციპალიტეტისთვის მთავრობისგან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
ნინო კაპანაძე
ხევში სასწრაფო შეკეთება სჭირდება ბურჯებგამოცლილ ხიდებს
დაიტბორა ხევის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე