რას ველი ევროკავშირისგან, – ამ შეკითხვით ჭიათურელებსა და ხარაგაულელებს მივმართეთ.

თეონა სხირტლაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი: -ევროკავშირი პირადად ჩემთვის მეტ უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებების მეტად დაცვასთან და განვითარებასთან ასოცირდება. თითოეულ პიროვნებას, საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, მეტი შანსი ექნება. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია.

ზურაბ კაპანაძე, კარდიოლოგი, დროებით უმუშევარი: -ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ნიშნავს პროგრესს, განვითარებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, მომავალი თაობებისთვის – ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, კულტურათა დაახლოებას, საქართველოს თვითმყოფადი კულტურის ექსპორტს ევროპაში. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ადამიანის კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ორგანულად ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ. არქეოლოგებიდან და მეცნიერებიდან მომისმენია, რომ სწორედ ქართველები ვართ პირველი ევროპელები.

 

ხათუნა ცერცვაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: -ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გვაძლევს ყველა სფეროში განვითარებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობას. ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და უკეთეს მომავალს ველი. ვფიქრობ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე 2017 წლის 28 მარტს მიღებული დოკუმენტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ევროკავშირთან დაახლოება არის შესაძლებლობა, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის.

მამუკა ხიჯაკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვარძიის საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი: -ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერას ველოდები. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, განათლება ევროპაში მიიღონ და იქ თავისუფლად იმოგზაურონ.

ელენე მელქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: -იმის მიუხედავად, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ევროპულ ღირებულებებთან ზიარება. ევროპა ჩვენი მეფეების არჩევანი იყო. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ბევრ სიკეთეს მოგვიტანს, ეკონომიკური სარგებელიც გვექნება და უფრო მეტად განათლებული თაობა გვეყოლება.

ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: -ევროკავშირისგან, პირველ რიგში, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისთვის ხელშეწყობას ველოდები. ევროპული გამოცდილება უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრების წარმართვაში დაგვეხმარება. ევროკავშირისგან ეკონომიკის გაძლიერებაში მხარდაჭერას და ინვესტიციების მოზიდვაში დახმარებას ველოდები.