ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრი „ორიონი“ 2004 წლიდან ფუნქციონირებს. „ორიონში“ 6-დან 18 წლამდე ასაკის 40 ბენეფიციარს 17 სპეციალისტი ემსახურება. ამავე ცენტრში, 26 ზრდასრული ბენეფიციარია. მათთან 6 სპეციალისტი მუშაობს.

18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს სხვადასხვა თერაპიები უტარდებათ, ზრდასრული ასაკის ბენეფიციარები კი ხელობას ეუფლებიან. ზრდასრულთა პროგრამა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. უახლოეს ხანში თბილისში მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. „ორიონში“ ამ პროგრამის ყველაზე ასაკოვანი ბენეფიციარი 56 წლისაა.

„პირველი დეკემბრიდან „ორიონში“ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ამოქმედდება, – ამბობს დღის ცენტრ „ორიონის“ ხელმძღვანელი ჟანა ფერაძე, – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მოვემსახურებით. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აუცილებელი არ არის. ზოგი მშობელი შვილისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავს იკავებს. თუ სამედიცინო ფორმა #100-ში პედიატრის მიერ გარკვეული შეფერხება მითითებულია (მაგალითად, აქვს მეტყველების, კოგნიტური განვითარების, ქცევის პრობლემები), მშობელი ამ დოკუმენტს სოციალური მომსახურების სააგენტოში მიიტანს და ბავშვი ადრეული განვითარების პროგრამაში ჩაერთვება. ამ პროგრამის შესაბამისად, ჩვენი ცენტრის სპეციალისტი ბავშვთან და მის მშობელთან ერთობლივად იმუშავებს. თუ მშობლის სურვილია, მივალთ იმ საბავშვო ბაღში, სადაც მას შვილი დაჰყავს. ხშირ შემთხვევაში ბავშვს კომუნიკაციის პრობლემა აქვს და საბავშვო ბაღის აღმზრდელს რეკომენდაციებს მივცემთ. ჩვენ ამ პროგრამის ბენეფიცარებისთვის ზესტაფონში ცალკე ფართი დავიქირავეთ.

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ამოქმედება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ამ პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მასში ჩვენ 40 ბავშვის ჩართვა გვაქვს განსაზღვრული. „ორიონში“ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ვისაც სურს ჩართვა, შეუძლიათ, რომ მოგვმართონ.

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ასამოქმედებლად აუცილებელია კვალიფიციური და სერტიფიცირებული სპეციალისტები. ჩვენი სპეციალისტები მაკლეინის ორგანიზაციამ გადაამზადა. ეს ძალიან ძვირადღირებული სასწავლო კურსია.

„ორიონში“ რეაბილიტაციის კურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებსაც უტარდებათ. ტრენინგებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შემდეგ მათი თვითშეფასება და მოტივაცია იზრდება. დღის ცენტრი ხომ მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე ვერ იარსებებს. პირველ რიგში, მშობლის ნდობა უნდა დაიმსახურო. სხვადასხვა საკითხზე მუშაობისას მე მათ რჩევას ვეკითხები. შენობის წინ პარკი მშობლების მოწყობილია. მთავარია, ადამიანები მათთვის ღირებული საქმის კეთებაში ჩართო.

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ორიონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, იურისტი ანა არგანაშვილი ჩვენი ბენეფიციარების მშობლებს შეხვდება. ის მათ მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხებზე ტრენინგს ჩაუტარებს. შეხვედრაზე ხარაგაულელ მშობლებსაც ვიწვევთ.

26 ნოემბერს, 14:00 საათზე, ზესტაფონის ფეროს კლუბში, „ორიონი“ ღონისძიებას მართავს. ვიწვევთ ყველა მეგობარსა და გულშემატკივარს. ღონისძიებაზე წარმოვადგენთ „ორიონის“ ისტორიას, გაჩვენებთ სპექტაკლს, რომლითაც წელს ჩვენ პოლონეთში გავიმარჯვეთ. პოლონეთში უკვე მეოთხედ ვიყავით. გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციებში ვიმარჯვებდით. წელს ფესტივალის ლაურეატები გავხდით. გვინდა, ფართო საზოგადოებამ ნახოს, თუ როგორ შემოქმედებით წვაში არიან ჩვენი ბავშვები.

„ორიონის“ უახლოესი გეგმა რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვაა. ისინი ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. ქალთა ეს ჯგუფი ორმაგად მოწყვლადია. მათ არ აქვთ შეკრების ადგილი, მოწყვეტილი არიან საზოგადოებას. მხედველობის პრობლემის მქონე ორ ძალიან ნიჭიერ გოგონას ვიცნობ. დეპრესიაში არიან იმის გამო, რომ სახლიდან გარეთ ვერ გამოდიან. ერთს მოხუცებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა ჰყავს. ერთმანეთს უვლიან. მინდა ასეთი პირების პრობლემა საჯაროდ გამოვიტანო და მათ დახმარებაზე ვიზრუნოთ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ჟანა ფერაძე, ღონისძიებაზე დღის ცენტრში „ორიონი“