„დღეს არავის ეჭვი არ ეპარება არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ ქართული ოცნება მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, 2012 წელს სულ სხვანაირი განწყობა იყო და წლები დასჭირდა იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი სახელი დარქმეოდა. „2012-ში, განწყობა საზღვარგარეთ იყო აბსოლუტურად განსხვავებული, დიამეტრალურად საპირისპირო. როგორც იქნა, თავისი სახელი დაარქვეს ნაციონალურ მოძრაობას, ამას დაჭირდა წლები, ყველამ გაიგო ვინ არიან ისინი“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკურად დევნილი. „თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები ნაციონალურ მოძრაობას, რა დონეზე ყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება და რა დაგვჭირდა ჩვენ პირველი ორი წელი და ჩემი პრემიერობის დროს, ძირითადი დრო მიდიოდა იმაზე , რომ ჩვენი პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები. შემთხვევით არაფერი არ მომხდარა გარწმუნებთ, ყველა ნაბიჯი იყო სწორი გადადგმული” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამას დაჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გაგვაჩნია. „ამ რესურს აქვს ძალიან დიდი ფასი გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი რესურსია, ეხლა დარჩა, შიგნით მობილიზება, რაც მე ვიცი ძალიან კარგად, ის იყო ძალიან რთული და დარწმუნებულიც არ ვიყავი როგორ და რანაირად მიგვეღწია, მივაღწიეთ ეხლა დამიჯერეთ, მე პასუხისმგებლობას ვიღებ მე ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულს, მათზე მზრუნველ ხელისუფლებას დავეხმარები და ჩამოვაყალიბებ. კარგი გუნდია, რაც აკლია არ დაჭირდება ერთი წელიწადი“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

(R)