დღეს, 25 ნოემბერს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ, პატრიარქის საერთაშორისო ფონდის დირექტორმა ლაშა ჟვანიამ, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, ხარაგაულის #2 და მარელისის საჯარო სკოლების დირექტორებმა – ვალერი გოგნაძემ და ვერა ოდიკაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, საკრებულოს წევრებმა – დავით კიკნაძემ და ჯამბულ გამცემლიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულელებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მეორე ტურში განსაკუთრებით ქალბატონების იმედი აქვს, რადგან „ქალებმა უკეთ ვიცით სიყვარულის, საქმის კეთებისა და ერთგულების ფასი.“

პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ბრძოლას აგრძელებს, რომელიც ასი წლის წინ მისმა წინაპრებმა დაიწყეს. ამ ბრძოლაში კი მას თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდება.

„იმ რთულ გზაზე, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ვინმე ნაწყენი დამრჩით. ამისთვის ბოდიშს გიხდით და მოგიწოდებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა ქვეყნის განვითარებისკენ მივმართოთ,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა, რომ გზაგასაყარზე ვდგავართ. თუმცა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოვედით აქამდე. შავლეგო ტაბატაძემ აღნიშნა, რომ სამი თვის მანძილზე, რაც გუბერნატორად დაინიშნა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ნახა, რომ „ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს. პირველმა ტურმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და მათგან პირველი ხალხისგან შორს ყოფნაა.“ გუბერნატორი დაგვპირდა, რომ ყველა სოფელში მივა და პრობლემების გადაჭრის გზებს მოსახლეობასთან ერთად დაგეგმავს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ ყურადღება ბიუჯეტიდან სამინისტროს დაფინანსების გაზრდაზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 600 ათასი ლარია. მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდების ხარისხიანი განათლებისთვის მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ხელშეწყობის გაზრდასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. ინფრასტრუქტურის კუთხით დაფინანსება, 2019 წელს, წლევანდელთან შედარებით, გაორმაგებულია და 220 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ სკოლებს, რომლებიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ.

„დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობით გულდაწყვეტილი ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და არჩევანი სტაბილურ განვითარებასა და ძალადობას შორის უნდა გააკეთონ,“ – მიმართა პატრიარქის ფონდის დირექტორმა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წევრმა ლაშა ჟვანიამ ხარაგაულელებს. მან საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს, დღევანდელი მოწოდება გააცნო, რომ ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქე არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს.

„გაუგებარ წარსულზე“ უარის თქმისკენ მოუწოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ხარაგაულელებს.

 

საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ განათლების სფეროში ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მაღალი ინტელექტით გამორჩეული მასწავლებლების დამსახურებაა. მან ყურადღება 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე – უფასო სახელმძღვანელოებსა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაზე გაამახვილა.

„ქვეყანაში რომ ბევრი რამ შესაცვლელია, ეს პირველმა ტურმა აჩვენა, – აღნიშნა ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, – სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელია ხელისუფლებამ დაპირებები შეასრულოს. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრის თქმის აღარ ეშინიათ. პიროვნული თავისუფლება კი ყველაზე ძვირფასია.“

ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძესთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და მდგრადი განვითარება. ის მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, რადგან მისი წინასაარჩევნო კამპანია მშვიდია, მისი გაპრეზიდენტება კი – საქართველოს ევროპული გზის გარანტი.

მარელისის სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბედნიერებაა, როცა ხელისუფალი კაბინეტიდან კი არ მართავს, არამედ მოდის და აზრს გეკითხება. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სოფლის სკოლებს, რომ მასწავლებლებს ინოვაციების დანერგვის მეტი შესაძლებლობები მიეცეთ.

ხარაგაულის საკრებულოს წევრმა ჯამბულ გამცემლიძემ ხარაგაულელებს შეახსენა, რომ მისი შვილი – გიორგი გამცემლიძე, 162 ახალგაზრდასთან ერთად წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლია. ამიტომ მას პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევა ოჯახებისა და ქვეყნის მშვიდობის გარანტად მიაჩნია.