მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის – „არასრულწლოვანი და დანაშაული“ ხარაგაულელი გამარჯვებულები დღეს, 22 ნოემბერს, დაჯილდოვდნენ.

კონკურსანტებს უნდა წარმოეჩინათ საკუთარი ხედვა არასრულწლოვანთა დანაშაულსა და მისი გადაჭრის გზებზე; საზოგადოების, სკოლისა და თანატოლების როლზე დანაშაულის პრევენციაში; რა არის გამოსავალი – დასჯა თუ თანადგომა.

ფოტო-ვიდეო და ესეების კონკურსში ლეღვანის, ხევის, ზვარეს, წიფას, უბისას, ხიდარის,ბაზალეთის, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 21 მოსწავლიდან 18 მოსწავლე ესეების კონკურსში ჩაერთო. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები ლიზი ლაცაბიძე და გიორგი კვირიკაშვილი ფოტოკონკურსში მონაწილეობდნენ, ხევისა და ვაშლევის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა არასრულწლოვანთა დანაშაულის თემაზე ვიდეო გადაიღეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ესეების კონკურსში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე მარიამ მანჯავიძემ გაიმარჯვა. საპრიზო ადგილები დაიმსახურეს ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე კესო ჩხიკვაძემ, ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ტაბატაძემ და ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მაღრაძემ.

კონკურსის ყველა მონაწილეს ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

კონკურსანტთა დაჯილდოებამდე მოსწავლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების – „ნაბიჯი ხარაგაულისა“ და „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენლებთან, რუსუდან გურგენიძესა და ინგა მაღრაძესთან ერთად იმსჯელეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე – არასრულწლოვანთა შორის ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, ამ პრობლემის დაძლევაში სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების როლზე.

ფოტო-ვიდეო და ესეების კონკურსი განხორციელდა -„სიდასა“ და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტების „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ და „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი.