ხარაგაულში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა. საბავშვო ბიბლიოთეკში (გამგე სოფო ლაცაბიძე) გამართულ ღონისძიებაში „ქართველო ქალო, ქართულო გენო, ქართულო ჯიშო, ჯილაგო ჩვენო“ – მონაწილეობდნენ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები. მათ ცნობილი ქართველი ქალები გაიხსენეს. ლიზი ბარბაქაძემ ღონისძიების დასაწყისში ქალის როლზე ისაუბრა, ანა გაჩეჩილაძემ თამარ მეფის ბიოგრაფია გვიამბო. მარო ჭიპაშვილმა ლექსი „ თამარ“ წაიკითხა, ანა მესხმა მხატვრული ფილმის გმირ მაია წყნეთელზე ისაუბრა. მზია ნიქაცაძემ პირველი ქართველი ცნობილი ქალი მედეა კოლხთა მეფის ასული გაიხსენა და თამარ წავკისელზე ისაუბრა. მარი შარიქაძემ წაიკითხა მოთხრობა „დედის ხელი,“ ნონა მაჭავარიანმა კი – „დედის რვა ტყუილი.“ ელისო კიკნაძემ თამარ ვაშლოვნელის გმირული ბიოგრაფია გააცნო ბავშვებს. თამარ ჭიპაშვილი ამ ღონისძიებას ლექსების მხატვრულად წაკითხვით ამშვენებდა. ღონისძიების ორგანიზატორმა, საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარმა სპეცილისტმა მაკა ბუაჩიძემ ბავშვებს ანასტასია საზანოვას ტრაგიკული ბიოგრაფია გააცნო. მისი თქმით,  „ამ მოკრძალებული ღონისძიებით საბავშვო ბიბლიოთეკა ეხმაურება გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს.“ ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა ქართული მხატვრული ფილმი „იავნანამ რა ჰქმნა“ ნახეს.

6 მარტს სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) გამართულ ზეიმზე ულამაზესი ჰანგები ისმოდა. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები დედებსა და ქალბატონებს მიუძღვნეს. ისინი უდიდესი მონდომებით ასრულებდნენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის გოგონათა ანსამბლი დარეჯან კაციტაძის ხელმძღვანელობით. სტუმარმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, ალექსანდრე ვასაძემ რევაზ ლაღიძის „რონდო-ტოკატა“ შეასრულა, რითაც დარბაზის დიდი ოვაცია დაიმსახურა. კონცერტის შემდეგ მუსიკოსმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, – ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სისტემატიურად რომ ეძლევათ თავიანთი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებში ის დიდი მონდომებას ხედავს და თვლის, რომ დიდი შრომაა საჭიროა მეტი წარმატებების მისაღწევად.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ ყველა დედასა და ქალბატონს მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის: „ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისთვის. ტრადიციულად აღვნიშნავთ გაზაფხულის შემობრძანებას. სკოლა აქტიურად ემზადება ღონისძიებისთვის, რომელიც მაისში გაიმართება. ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატება მასწავლებლების ტიტანური შრომის შედეგია და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მათ.“

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: კონცერტი სამუსიკო სკოლაში