„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ზეწოლა-მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ფიზიკური დაპირისპირების 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6, დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში იმერეთში ზეწოლა-მუქარისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ორ-ორი ფაქტია მოცემული.

13 ნოემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით გველესიანი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს დაუკავშირდა და უთხრა, რომ სოფელ უბისაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი დავით მახათაძე საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ბესო სახვაძეს დაემუქრა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ბესო სახვაძემ უთხრა, რომ მას 9 ნოემბერს დაუკავშირდა დავით მახათაძე და მოსთხოვა, მისი შვილი ბექა მახათაძე შეეყვანა საარჩევნო სიაში.

ბესო სახვაძის თქმით, იგი მახათაძეს დაპირდა საკითხის საოლქო კომისიაში გარკვევას, თუმცა, 10 ნოემბერს მახათაძე კვლავ დაუკავშირდა მას და ფიზიკური შეურაცხყოფით (ცხვირ-პირის დამტვრევით) დაემუქრა. სახვაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, უჩივლებს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორს დავით მახათაძეს.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა დამკვირვებელს განუცხადა, რომ ბექა მახათაძეს ჰქონდა ვადაგასული პირადობის მოწმობა, რომელიც შეცვალა 25 ოქტომბერს და შესაბამისად, ის მეორე ტურისთვის შეძლებს ხმის მიცემას.

ანგარიშის მიხედვით, ზეწოლა-მუქარის მეორე ფაქტი ქუთაისში მოხდა. 30 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო დაიხურა დამოუკიდებელი მედია-სააგენტო „იმერეთი ნიუსი“. სააგენტოს დამფუძნებელი კოტე ცირეკიძე, რომლის დედა ელეონორა არჩაია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი და ირიბი მუქარის ფაქტების გამო, იძულებული გახდა დროებით შეაჩეროს „იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს“ ფუნქციონირება.

ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „იმერეთი ნიუსზე“ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. ვიცე-მერი უარყოფს სააგენტოს მიმართ ზეწოლას და აცხადებს, რომ თუ სააგენტოს მფლობელი მტკიცებულებას წარმოადგენს, იგი მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს. მოგვიანებით, მედია-სააგენტოს დამფუძნებელმა კოტე ცირეკიძემ ზეწოლის კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა ტყიბულსა და წყალტუბოში.

ტყიბულში მეშახტეებს 2 ნოემბერს აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო, ხელფასს ვერ გადაუხდიდნენ. ამას დასაქმებულთა პროტესტი მოჰყვა. იმავე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მეშახტეები ხელფასს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.

1 ნოემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოსა და ზუგდიდში იგეგმება 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის.

პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა.

წყარო