საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ დონორთა კონფერენციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა განაცხადა. კონფერენცია ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში საგზაო სექტორს აფინანსებენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომლის პრიორიტეტადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რჩება. ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელთა განსახორციელებლად დონორთა ფინანსური მხარდაჭერა სასურველია. პრიორიტეტებს შორის დასახელდა რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთიც.