ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს ერთჯერადი სოციალური დახმარების მიზნით 554 700 ლარი გაიცა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, სხვადასხვა სოციალური დახმარებისთვის გაცემულია 349 800 ლარი, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე – 130 ათასი ლარი, სათნოების სახლზე (უფასო სასადილო) 74 900 ლარი.

ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ხარაგაულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერიცხებათ თანხა მედიკამენტების შესაძენად, ოპერაციისა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის. „გასულ წელს ჰემოდიალეზით დაავადებულ 13 მოქალაქეს ტრანსპორტირების თანხით დავეხმარეთ – თითოეულს წელიწადში 500 ლარით, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – ახალშობილთა ოჯახებს ვეხმარებით 100 ლარიანი პაკეტით. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ფინანსურად ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია, ასევე ლტოლვილთა და სამამულო ომის ვეტერანთა ოჯახებს.“

ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, გასულ წელს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს იმ პირებს, რომელთაც სჭირდებოდათ მოქალაქეობის აღდგენა.

წელიწადში ერთხელ 300-300 ლარით ეხმარებიან 9 აპრილის მონაწილე ორ მოქალაქეს, 100-100 ლარით ჩერნობილის აფეთქების შედეგად დაზარალებულ 8 მოქალაქეს, შშმ ბავშვებს – 150-150 ლარით,

„გასულ წლებში ზესტაფონის უსინათლოთა კავშირის მომართვის საფუძველზე, კავშირის წევრ ხარაგაულელ მოქალაქეებს წელიწადში 100-100 ლარით ვეხმარებოდით, – გვიამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – წელს შევიტანეთ დებულებაში ცვლილება და ყოველ თვეში 20-20 ლარს ვურიცხავთ კომუნალური ხარჯებისთვის. 2013 წლის სექტემბრიდან სამამულო ომის ვეტერანებს ყოველთვიურად 25-25 ლარი ერიცხებათ კომუნალური ხარჯებისთვის. მათ ყოველწლიურად 9 მაისს 150-150 ლარით ვასაჩუქრებთ.

ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა 22 ოჯახს წელიწადში 200-200 ლარით ვეხმარებით, დღესასწაულებზე – საკვები პროდუქტებით.“

საახალწლოდ და სააღდგომოდ საკვები პროდუქტებით ვეხმარებით მრავალშვილიან და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს.

გასულ წელს დავეხმარეთ უსინათლო, ონკოლოგიურ და დავრდომილ 133 მოქალაქეს 35-35 ლარით.“

ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 21 უხუცესს 100-100 ლარი გადაურიცხეს, ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოებულ მოქმედ და პენსიონერ პედაგოგებს -200-200 ლარი.

გასულ წელს სარვამარტოდ მრავალშვილიან და ეკონომიურად გაჭირვებულთა ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკვები პროდუქტებით დაეხმარენ. წელს 50 ლარი დაერიცხებათ იმ მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, ომში დაღუპულთა ოჯახების ქალბატონებს (დედა, მეუღლე ან და), ლოგინად მიჯაჭვულ ქალბატონებს. ამ სარვამარტო საჩუქარს წელს დაახლოებით 160 ქალბატონი მიიღებს.

2013 წლიდან ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე ფულადი დახმარება იცემა.

დაზარალებულებს კატეგორიებს ანიჭებს სპეციალური კომისია. პირველი კატეგორიის ოჯახისთვის გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობაა 1500 ლარი, მეორე კატეგორიისთვის – 1000 ლარი, მესამე კატეგორიისთვის – 500 ლარი.

შარშან ამ მიმართულებით დაეხმარენ პირველი კატეგორიის 36 ოჯახს (სულ გაიცა 55 500 ლარი), მეორე კატეგორიის 45 ოჯახს (სულ გაიცა 56 500 ლარი), მესამე კატეგორიის 22 ოჯახს (სულ გაიცა 18 000 ლარი).

სათნოების სახლის უფასო სასადილო მიუსაფარ, მოხუც, ინვალიდ, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ 62 პირს ემსახურება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ექვს ბენეფიციარს დ. ხარაგაულში საკვებს აწვდიან ბინაზე. სადღესასწაულო დღეებში ბენეფიციარები იღებენ საჩუქარს ტკბილეულის სახით.

ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მედიკამენტების შესაძენად რომ დაეხმარონ, მოქალაქემ გამგეობის სოციალურ სამსახურში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, განცხადება მუნიციალიტეტის გამგებლის სახელზე, ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიდან, ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან, ექიმის დანიშნულება და ფორმა #100.

ოპერაციისთვის დასახმარებლად ყველა ზემოთჩამოთვლილ საბუთთან ერთად აუცილებელია ანგარიშფაქტურა საავადმყოფოდან.

„დღეს საქართველოში ყველა მოქალაქე დაზღვეულია, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – ზოგი საპენსიო დაზღვევას ფლობს, ზოგი – სოციალურად დაუცველის, ზოგი საყოველთაო დაზღვევის. როდესაც საოპერაციო თანხის ანაზღარებისთვის მოგვმართავენ, პირველ რიგში ვეუბნებით, რომ სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლოს. თუ მისი დაზღვევით ოპერაციის ღირებულება სრულად არ ანაზღაურდება, მაშინ თანადაფინანსება ხორციელდება. ამ საკითხს მკაცრად ვუდგებით. ორივე შემთხვევაში სახელწიფო ფული იხარჯება. ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური პაკეტიდან ოპერაციის დასაფინანსებელი მაქსიმალური თანხაა 700 ლარი, მედიკამენტების შესაძენად – 100 ლარი.

რაც შეეხება საგარანტიო წერილის გაცემას, თუ ექიმი გვიდასტურებს, რომ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებას და მას არ აფინანსებს არც ერთი სადაზღვევო პაკეტი, განცხადების შემოტანის დღესვე ვაძლევთ საგარანტიო წერილს. თუ ექიმის დასკვნის მიხედვით დაავადება ქრონიკულია, მაშინ რიგში ვაყენებთ და კომისიის გადაწყვეტილებით ვაფინანსებთ.“ გამგეობის სოციალური სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, 2014 წელს სოციალური მიმართულებით უნდა დაიხარჯოს 459 300 ლარი. აქედან სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე განკუთვნილია 82 600 ლარი, სათნოების სახლზე – 70 ათასი ლარი, სხვადასხვა სოცდახმარებისთვის – 306 700 ლარი.

იანვარ-თებერვალში დახმარება გაეწია:
მედიკამენტებითა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის 257 მოქალაქეს 46 578.7 ლარით;
ახალშობილთა დახმარება გაეწია 48 მოქალაქეს – 4 900 ლარით;
უკიდურესად დავრდომილ და გაჭირვებულ 27 მოქალაქეს 945 ლარით;
სტიქიით დაზარალებულ 5 მოქალაქეს – 6 800 ლარით;
დაკრძალვის ხარჯები გაიცა 35 ოჯახზე – 7000 ლარი;
სამამულო ომის 29 მონაწილეს კომუნალური ხარჯებისთვის გადაერიცხა 1 450 ლარი;
„ალილოს“ დღესასწაულისთვის 31 ოჯახს 516 ლარი ღირებულების კვების პროდუქტებით დაეხმარენ;
27 უსინათლო მოქალაქეზე კომუნალური ხარჯებისთვის გაცემულია 540 ლარი.
ნინო კაპანაძე