11 მარტს იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საგანმანათლებლო რესურსცენტრში წინასწარ მიწვეულ ოცამდე ხარაგაულელს შეხვდა. მიწვეულთა შორის იყვნენ მოქმედი და ყოფილი პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფლის წარმომადგენლები. „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტები შეხვედრას ვერ დავესწარით, რადგან მედიისთვის დახურული იყო.

რატომ დაიხურა შეხვედრა, –  ეს შეკითხვა გუბერნატორს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების დათვალიერებისას დავუსვით.

ზაზა მეფარიშვილის თქმით, მას სურდა, რომ ჟურნალისტებისა და ტელეკამერების გარეშე გულახდილად ესაუბრათ შეხვედრაში მონაწილეებს. მისივე თქმით, მან საზოგადოებრივ აქტივს ანგარიში ჩააბარა.
გუბერნატორმა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მიმდინარე რემონტი სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად საბავშვო ბაღები შენდება კიცხში, ლეღვანში, ვახანსა და ვარძიაში. საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია წყალაფორეთში, ზვარესა და ხიდარში. ბორითის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ბაღში ორი ახალი ჯგუფი გაიხსნება. ყველა საბავშვო ბაღისთვის შეძენილია საჭირო ინვენტარი.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ გუბერნატორს გაერთიანებაში განხორციელებული ცვლილებები და პრობლემები გააცნო. ქეთევან ზუმბაძის სურვილია, რომ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ახალგარემონტებულ შენობაში შეიყვანონ ბუნებრივი გაზი.
გუბერნატორის თქმით, შეშის ღუმელებით ახალგაკეთებული ფასადი არ უნდა გაფუჭდეს.
„გამგებელთან ერთად შევჯერდით, რომ მიმდინარე წელს უკვე მიღებული ეკონომიებიდან, ან დაუგეგმავი შემოსავლებიდან აუცილებლად მოხდება ამ შენობის გაზიფიცირება ცენტრალური გათბობით. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ შენობის იერ-სახე და დანახარჯები იყოს ეფექტური,“ – დასძინა გუბერნატორმა.

ნინო კაპანაძე