თბილისში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაგაიმართა.

ყრილობას რაიონული და პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ასევე – მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ყრილობაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია კობახიძემ ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, – ამბობს სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერსებისკვერაძე, – განვიხილეთ რეზოლუცია, რომელშიც ასახულია მნიშვნელოვანი საკითხები; მათ შორის – მაღალმთიან დასახლებაში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებში დასაქმებულთათვის სოციალური შეღავათის – დანამატის დაწესება; სკოლებში პედაგოგის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის საბაზისო ხელფასების ეტაპობრივი ზრდა. რეზოლუციას განსახილველად შესაბამის სამსახურებს წარვუდგენთ.

ყრილობაზე დელეგატებმა მაია კობახიძე სპმთპ-ის თავმჯდომარედ განმეორებით აირჩიეს.

ყრილობის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს ხელფასები მოემატება. მანვე მასწავლებლებს მოუწოდა, რომ ჩაერთონ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც მათი პროფესიონალიზმის ზრდას ემსახურება.“

„ყრილობაზე ყველაზე მეტად დავინტერესდი სპმთპ-ის ინიციატივით, რომ მასწავლებელს, რომელიც პენსიაში გასვლას გადაწყვეტს, საბაზისო პენსიაზე მაღალი პენსია დაენიშნოს. ეს პედაგოგის პროფესიის დაფასებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ყრილობის დელეგატი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძე.

ბაზალეთის საჯარო სკოლის სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე თეა ტალახაძე სპეცმასწავლებლებისთვის საათების დაბრუნების ინიციატივას ეხმაურება: „სპეცმასწავლებლებს საგნის სწავლების უფლება ჩამოერთვათ, რაც არასწორია. სპეცმასწავლებელი თავის მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესშიც უნდა ხვდებოდეს, რომ მასზე უფრო მეტად იზრუნოს და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმაროს.

მაღალმთიან დასახლებაში საშემოსავლო გადასახადისგან მხოლოდ პედაგოგია გათავისუფლებული. ჩვენი აზრით, ეს შეღავათი მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი სკოლის ყველა თანამშრომელზე უნდა ვრცელდებოდეს. მაია კობახიძე დაგვპირდა, რომ ამ საკითხებს შესაბამის ორგანოებს წარუდგენს. შეხვედრაზე პედაგოგებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს პედაგოგთა სქემის ბიუროკრატიულ საკითხებზე. არსებობს ხელოვნური ბარიერები მასწავლებლობის დაწყებასა და სქემაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს პროცედურები უნდა გამარტივდეს,“ – მიაჩნია თეა ტალახაძეს.

ყრილობაზე მიწვეული „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წარმომადგენლები სპეციალური სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძე, სპმთპ-ის თავმჯდომარე მაია კობახიძე, ხარაგაულელი პედაგოგები: ნათია გელაშვილი, თეა ტალახაძე, მარინე ვეფხვაძე