

„რა განძი გვქონია“ – ასეთი იყო ერთ-ერთი შეფასება რეჟისორ ირინე ჩხეიძის ხარაგაულში გამართული პირველი სპექტაკლის – „ლექსო, არ დაიკარგები“ – პრემიერის შემდეგ. გულწრფელი ემოცია, ღიმილი, აღფრთოვანება, სამშობლოს ბედზე დაფიქრება, – არაერთხელ განაცდევინა ირინე ჩხეიძემ მაყურებელს. მისმა სპექტაკლებმა უამრავჯერ დაიმსახურა პროფესიონალთა მაღალი შეფასება და ჯილდო.
2004 წლიდან ირინე ჩხეიძე კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ხარაგაულს უკავშირდება.
„აქ დავიწყე საქმიანობა ჩემთვის საყვარელ სფეროში. 2005 წელს შექმენი ოჯახი. აქ დავდგი ჩემთვის ძალიან ძვირფასი სპექტაკლები. შევიძინე მეგობრები, რომლებთან ერთად დავბერდები და მოვიგონებ ბედნიერ დღეებს. აქ განვიცადე დედობის სიხარული.“
სამი საბავშვო და თოჯინების თეატრის ოთხ სპექტაკლთან ერთად ირინე ჩხეიძის რეჟისორობით ხარაგაულში დაიდგა „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი,“ „ნატვრის ხე,“ „ფიროსმანი,“ „თანამდევი სული,“ „შენ, სისხლო ჩემო.“
„ამ წლების მანძილზე სხვადასხვა ჟანრში ვიმუშავე, – გვიამბობს ირინე ჩხეიძე, – ძნელია, იყო ხელმძღვანელი კულტურის სამსახურში და ამავდროულად – რეჟისორი. სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად საკმარის დროს ვეღარ ვუთმობ შემოქმედებას. ალბათ, დადგება ჩემ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც მთლიანად შემოქმედებითი საქმიანობით დავიტვირთები.
ხარაგაულის ახალგარემონტებული კინოთეატრის დარბაზი ნამდვილად თეატრისთვის არის განკუთვნილი. მისმა ნახვამ შთაგონებით ამავსო. ვფიქრობ, ბევრ რამეს გავაკეთებ.“
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილმა ლიტერატურულმა სპექტაკლმა, „თანამდევი სული“, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. სპექტაკლი იმერეთის რეგიონული და თურქეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების გრან-პრის მფლობელია.
„ჩვენ სხვა სპექატკლები ხარაგაულის გარეთ არც წარმოგვიჩენია, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ვფიქრობ, რომ „ნატვრის ხე“ არანაკლებ წარმატებული იქნება. ხარაგაულში მხოლოდ სამ-ოთხჯერ აჩვენებ სპექტაკლს. მას კი სიცოცხლე სჭირდება და ამ სიცოცხლეს სპექტაკლს სძენს ხშირად თამაში.
…განსაკუთრებულად ვნერვიულობ „თანამდევის სულის“ ყოველი წარმოდგენისას. ამ სპექტაკლში ვთამაშობ. ძნელია, ერთდროულად იყო რეჟისორიც და მსახიობიც. ამას ძალიან განვიცდი. საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ. ეს კარგად იციან ჩემმა მეგობრებმა. როცა მორიგი თამაშის შემდეგ ვალაგებ ტანსაცმელს, ვფიქრობ, რომ ამის მეტად „თანამდევ სულს“ აღარ გავმართავ. მერე გამოდის, რომ ისევ მიწევს ჩემოდნის ჩალაგება. თურქეთში რომ ვითამაშეთ, ვიფიქრე, – აი, ეს არის ბოლო-მეთქი. იგივეს ვფიქრობდი თბილისში, საგარეჯოში… ახლა კი ვიცი, რომ კიდევ ბევრგან ვითამაშებთ…“
-ქალბატონო ირინე, საბავშვო სპექტაკლის, „წითელქუდას“, პრემიერის შემდეგ აღინიშნა, რომ დედობის დიდმა გრძნობამ გიბიძგათ ამ სპექტაკლის შექმნა.
-მართლაც ასეა. მას შემდეგ, რაც ვატო მყავს, ბევრს ვფიქრობ საბავშვო სპექტაკლებზე. თოჯინების თეატრი და საბავშვო სპექტაკლები სწორედ შვილისა და ბავშვების სიყვარულით შევქმენი. ამ ჟანრში აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას.
დედობა ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც კი ენიჭება ქალს. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, – 2006 წლის შემდეგ ჩემთვის ყველა დღე ვარდისფრად თენდება, რადგან ჩემს გვერდით იღვიძებს ჩემი შვილი ვატო მაღრაძე. შვილის გაჩენის შემდეგ სხვანაირად განიცდი ყველაფერს. შენი გულით ხომ გიხარია რაღაც და ცალკე – შვილის სიხარულით და თვალებით. თითქოს გაორმაგებული ხარ. წარმომიდგენია, რა ბედნიერია ის, ვისაც ბევრი შვილი ჰყავს. მე ერთი შვილი მყავს და მისი თვალებით ვუყურებ სამყაროს, ვისაც ბევრი ჰყავს, – ალბათ ბევრი შვილის თვალით. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება.
-ქალბატონო ირინე, ქალისთვის ძნელია იყო ხელმძღვანელი, ოჯახის დედა, მეუღლე, გქონდეს სხვა უამრავი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. როგორ ართმევ თავს ამ ყველაფერს?
-პირველ რიგში, ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლის, ნიკუშა მაღრაძის, იუმორი. არ არსებობს სიტუაცია, მდგომარეობა, ქმედება, სიტყვა, რომელზეც ნიკუშას არ აქვს შესატყვისი იუმორი. პასტითა და ფურცლით უნდა დადიოდე და იწერდე მეუღლის ხუმრობებსო, – მეუბნებიან მეგობრები. მართლაც ერთ კარგს კრებულს გამოვუშვებდი.
სირთულეების დაძლევაში მეხმარება მეგობრების, ჩემი საქმისა და დიდი ოჯახისადმი სიყვარული.
ვფიქრობ, ქალს ძალიან ბევრი რამ შეუძლია ამქვეყანაზე. ის მოწოდებულია, აკეთოს საქვეყნო საქმეები იმასთან ერთად, რომ შეასრულოს უდიდესი მისია, რაც არის მეუღლეობა და დედობა. ქალის როლი ყველანაირად მშვენიერია.
დედა ადრე გარდაგვეცვალა და ეს მძიმე ტვირთი იყო ჩემთვის. უდედოდ ცხოვრება ძალიან ძნელია, მაგრამ ქალი ყველაფერს უძლებს. მთავარია, წაახალისო, გიყვარდეს, გაულამაზო ცხოვრება. ყველაფერში საუკეთესო ვერ იქნები, მაგრამ ქალები განსაკუთებით მობილიზებულები და კარგი მენეჯერები არიან. რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გეხმარება ის, როდესაც შენს გვერდით კარგი მამაკაცია.
მივულოცავ ყველა ხარაგაულელ ქალბატონს, დედას გაზაფხულის შემობრძანებას, დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებს. არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან ხარაგაულში. მიყვარს მათთან შეხვედრა და საუბარი. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიყვარულს, შვილების ჯანმრთელობას. რაც მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს, რადგან სიყვარულის გარდა ამქვეყნიდან ვერაფერს წავიღებთ. ბედნიერი ღიმილი და სიხარული დაგვთამაშებდეს სახეზე. ხარაგაულში იყოს მუდამ სიყვარული და სიკეთე.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,