6 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ექსტერნის გამოცდები ჩატარდება – ეს ინფორმაცია ხარაგაულის სკოლების დირექტორებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ მიაწოდა. იმ მოსწავლეები, რომლებიც მეთორმეტე კლასის ცენტრალიზებული გამოცდების ჩაბარებას არ აპირებენ, გამოცდები 17 მარტამდე უნდა ჩააბარონ, ხოლო ცენტრალიზებული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა – 17 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით.

17-21 მარტს ცენტრალიზებული  გამოცდები  ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართება.

ექსტერნები, რომლებიც აბარებენ მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების გამოცდებს, ერთ საგანში არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ეთიშებიან გამოცდების ჩაბარების პროცესს. ასეთი მოსწავლე, სურვილის შემთხვევაში, ან ბრუნდება სკოლაში, ან ხელმეორედ დარეგისტრირდება გამოცდების ჩასაბარებლად.

მეთორმეტე კლასში ცენტრალიზებული გამოცდების ჩაბარების მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების პროგრამა მთლიანად და ასევე სამი გამოცდა შემდეგ საგნებში: სპორტი, არჩევითი საგანი და მეორე უცხო ენა, რომელიც ისწავლება მის სკოლაში.

სკოლებმა უნდა შეადგინონ გამოცდების გრაფიკი. შესაძლოა, იმ მოსწავლეებს, რომლებიც აბარებენ მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების გამოცდებს, მოუწიოთ სამი გამოცდის ჩაბარება ერთ დღეს, რადგან მათ ჯამში, 16 მარტამდე, 32 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

იმ მეთორმეტე კლასელებს, ვისაც ექსტერნად გამოცდის ჩაბარება სურთ, თუ პირველ სემესტრში ისწავლეს, აბარებენ ორივე სემესტრის მასალას. დანარჩენ კლასებში ექსტერნად გამოცდის ჩაბარების მსურველები, თუ პირველი სემესტრი გავლილი აქვთ, მხოლოდ მეორე სემესტრის მასალას ჩააბარებენ.

გამოცდები სკოლებში უნდა ჩატარდეს საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, მაგრამ თუ კომისიას აქვს დრო და გამოცდისთვის კლასი თავისუფალია, გამოცდები დღის ნებისმიერ დროს შეიძლება ჩატარდეს.