
„მინდა დიდი მადლობა გამოვთქვა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის მისამართით იმიტომ, რომ გულისხმიერები და ყურადღებიანები ხართ. თქვენ ყოველთვის აშუქებთ სასკოლო ცხოვრებას და არ გრჩებათ ყურადღების მიღმა თითოეული ჩვენი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯები. გისურვებთ წარმატებას. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. მრავალ ახალ სასწავლო წელს დაესწარით,“ – გვითხრა მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ საუბრისას.
15 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი – 2011–2012 სასწავლო წელი დაიწყება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კარს წელს 188 პირველკლასელი შეაღებს. სასულიერო გიმნაზია კი 20 პირველკლასელს ელოდება.
რა პრობლემებია სკოლების წინაშე, რა სიახლეებით და რა წარმატებებით ხვდებიან ახალ სასწავლო წელს, – ამის შესახებ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს ვესაუბრეთ.
ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე ამბობს, რომ მათი სკოლა დოტაციურია და თანხები არ ჰყოფნის. ამიტომ ყოველ თვეში სამინისტროში აგზავნიან მოთხოვნას და დაფინანსებას უვსებენ. „სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დამაკმაყოფილებელია. ინვენტარიც ნორმალურ მდგომარეობაშია, – გვიამბობს ვეფხვია ლომიძე, – ჩვენი სკოლის ერთმა მასწავლებელმა, მელანო ლომიძემ, სასერტიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩააბარა. ახალ სასწავლო წელს ორ პირველკლასელს ხუნევში, ორსაც გედსამანიაში ველოდებით. შარშან ხუთი პირველკლასელი გვყავდა. სამწუხაროდ, მოსწავლეთა კონტინგენტი იკლებს.“
წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორის, გიორგი გველესიანის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი მათ სკოლაში ნორმალურ პირობებში იწყება. „იმ წლებთან შედარებით, რომლებიც გამოვიარეთ, ეს არის კომფორტი და სამოთხე, – ამბობს სკოლის დირექტორი, – დაფინანსება ძალიან კარგი გვაქვს. ამ ზაფხულზე შევძელით და ჩავატარეთ მიმდინარე რემონტი სკოლის შენობის პირველ სართულზე. წყალაფორეთის საჯარო სკოლის კოლექტივი მობილიზებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. გვყავს სერტიფიცირებული ქიმიის მასწავლებელი ქეთევან პავლაძე. ვფიქრობ, მომავალში, ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდას. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები შევასრულოთ. მთავარია, არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს. რა თქმა უნდა, ხარვეზი ყველას აქვს, ვინც მუშაობს და საქმეს აკეთებს, თუმცა ჩვენს სკოლაში დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს.“
წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ორი პირველკლასელი შეუდგება სწავლას. სკოლის დირექტორის თქმით, კონტინგენტის სიმცირე სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაციას უკავშირდება.
ნადაბურის საჯარო სკოლაში სრულად მოწესრიგებულია სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სკოლას რეაბილიტაცია 2008 წელს ჩაუტარდა. სკოლაში მოძველებულია ავეჯი. დაკომპლექტებულია ყველა კათედრა, გარდა ინგლისურისა. „წელს ვგეგმავთ ინგლისური ენის სწავლების დანერგვას. ვაკანსია გვაქვს სრულ განაკვეთზე. ვეძებ კარგ სპეციალისტს, – აცხადებს ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე, – მოსწავლეთა უმრავლესობამ მოინდომა ინგლისური და გერმანული ენების შესწავლა. მოსწავლეთა რაოდენობა უცვლელია, გასული სასწავლო წლის მსგავსად, წელსაც 93 მოსწავლე გვეყოლება.“
წლებია, რაც ნადაბურის საჯარო სკოლას უწყლობა აწუხებს. „სოფელში მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინმა“ ანძა დადგა, – გვიამბობს ქალბატონი დოდო, – კომპანია აპირებს 1000 ლარის ფარგლებში ერთი პროექტის განხორციელებას. რწმუნებულმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მათ წინაშე სკოლის ეზოში წყლის მოყვანის საკითხი დასვეს. თუ ეს პროექტი არ განხორციელდა, მაშინ მომავალი წლის ბიუჯეტში დავგემავ და ძირითად თანხას წარვმართავ სკოლის ეზოში წყლის შემოყვანაზე.“
დაფინანსების გაზრდის შემდეგ ნადაბურის საჯარო სკოლამ ქსეროქსი და პრინტერი შეიძინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინტერნეტშია ჩართული. ამან კი, დოდო ხაჩიძის თქმით, ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანა, რადგან ხარაგაულში ერთი ფურცლის გადმოტანაში აღარ ხარჯავს სამივლინებო თანხას. ამ ზაფხულს ნადაბურის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა გადამზადება გაიარა და დაეუფლა კომპიუტერის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. „ძალიან კმაყოფილები ვართ ტრენერის, ქალბატონი მანანა კვინიკაძის. გაგვიადვილდება კომპიუტერთან მუშაობა. მე პირადად ბევრი რამ ვისწავლე, – ამბობს ქალბატონი დოდო, – ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ხათუნა გელაშვილმა, ორივე სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და სერტიფიცირებული მასწავლებელი გახდა. პირველადი ჩარიცხვების შედეგად, ჩვენი სკოლის სამი კურსდამთავრებული უკვე სტუდენტია.“
„არასასურველი ფაქტია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩვენთვის. ოჯახები ტოვებენ რაიონს. ორი ოჯახი, რომელთა შვილებიც ჩვენ სკოლაში სწავლობდნენ, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. სამაჩაბლოდან დევნილი ერთი მოსწავლე, რომელიც ჩვენთან სამი წელი სწავლობდა, თავის სოფელ დითსში დაბრუნდა. წელს 16 პირველკლასელს ველოდებით,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ლურსმანაშვილმა.
სკოლამ ორი წლის წინ მიიღო მერხები და სკამები, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია. მასწავლებლები სწავლის დაწყებამდე მოაწესრიგებენ საკლასო ოთახებს, სკოლის ტერიტორიას და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იმუშავებენ საგნობრივ და კალენდარულ გეგმებზე.
აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა თამარ მაქაძემ ისტორიაში ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ექვსი კურსდამთავრებული, პირველადი ჩარიცხვების შემდეგ, სტუდენტი გახდა.
მარელისის საჯარო სკოლაში მოძველებული მერხები და სკამებია. სკოლის სახსრებით ამ ზაფხულს სამასწავლებლოსთვის ავეჯი შეიძინეს.
ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც წლებია, ვერ მოგვარდა, ენერგოკომპანიაში ამ სკოლის აბონენტად დარეგისტრირების საკითხია. „ჩვენს პრობლემას ყურადღებით მოეკიდნენ რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის მომსახურების სერვისცენტრის წარმომადგენლები, – გვიამბობს სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა. სკოლის მიერ მოხმარებული ელენერგიის საფასურს საკუთარი ჯიბიდან ვიხდი. განათლების სამინისტრო ინფორმირებულია ამის შესახებ.
მარელისის საჯარო სკოლის ოთხი წლევანდელი კურსდამთავრებული უკვე სტუდენტია. სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასულმა პედაგოგებმა თითო გამოცდა ჩააბარეს.
„მინდა დიდი მადლიერებით აღვნიშნო განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტრენინგები, – ამბობს ქალბატონი ვერა, – ყველა ტრენინგი ნაყოფიერი და პროდუქტიულია. ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გავიარე ტრენინგი და უაღრესად კმაყოფილი ვარ ტრენერ მანანა კვინიკაძის.
ზოგადად, რეფორმა მიმართულია იქით, რომ განათლება ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. ტიტანური შრომა გვიხდება დირექტორებს, მაგრამ პირნათლად უნდა ვემსახუროთ მომავალი თაობების აღზრდის საქმეს.“
მარელისის საჯარო სკოლაში წელს რვა პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს. გასულ სასწავლო წელს მარელისის საჯარო სკოლაში 107 მოსწავლე სწავლობდა, წელს კი 105 ისწავლის.
იზოლდა ოკრიბელაშვილი, ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი: -მასწავლებლები და სკოლა კარგად მოემზადნენ მოსწავლეებთან შესახვედრად. შევიძინეთ გენერატორი და გავაკეთეთ სკოლის ტექნიკური პასპორტი. ჩვენი მოტავაცია ასეთია: მასწავლებელი მუდმივად უნდა ემზადებოდეს და იმაღლებდეს კვალიფიკაციას. მასწავლებლებს თავიდანვე ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია არამარტო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, არამედ ის, თუ როგორ იყენებენ ცოდნას მოსწავლეებთან. მესამე წელია, ყოველი წლის ბოლოს ვატარებთ ტესტირება – თვითშეფასებას. ტესტების შედეგების მიხედვით ვაფასებთ, როგორ მიაღწია მასწავლებელმა სტანდარტს. ვარიგებთ კითხვარებს მშობლებში, რა უნდათ, რა დამოკიდებულება აქვთ თავიანთი სკოლის მიმართ, რა შენიშვნები და რის გაუმჯობესებას ითხოვენ. კითხვარებს ავსებენ მოსწავლეებიც. ბაზალეთის საჯარო სკოლაში ცოდნით დაინტერესებული მოსწავლეები გვყავს. მათ სურთ კარგად ისწავლონ და მოემზადონ ცხოვრებისთვის. შარშან ჩვენი სკოლის სამმა პედაგოგმა ჩააბარა გამოცდა პროფესიულ უნარებში. წელს უკვე ორი მასწავლებელი სერტიფიცირებულია: ნინო გურეშიძე და ნინო ლოლაძე. თითო საგანი ჩაბარებული აქვთ ლელა ბარბაქაძეს, ინგა გლუნჩაძეს, კობა ჭიპაშვილს, თეა ტალახაძეს, ფიქრია ტალახაძეს და მე. მასწავლებლები გადამზადდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, უცხო ენებში. სკოლა მზადაა ახალი სასწავლო წლისათვის. პირველ კლასში სამ მოსწავლეს ველოდებით.
წლების მანძილზე სკოლების ადმინისტრაცია სერიოზულ პრობლემად ტექნიკური პერსონალის დაბალ ანაზღაურებას ასახელებდა. ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას სკოლების წინაშე. ვეფხვია ლომიძე, გიორგი გველესიანი, დოდო ხაჩიძე და იზოლდა ოკრიბელაშვილი აღნიშნავენ, რომ ტექპერსონალის ხელფასი 50 ლარს არ აღემატება. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში კი დამლაგებლის ხელფასი 75, ხოლო დარაჯის 100 ლარია. როგორც სკოლების დირექტორები ამბობენ, ელოდებიან ახალ ტარიფიკაციას და არ არის გამორიცხული, რომ ტექპერსონალის ხელფასი გაიზარდოს.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ