მეშვიდე თვეა, ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“ პროექტს „ჩვენ აქ ვართ“ ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების კვლევას და საზოგადოებაში მათ სოციალიზაციას. რა ჰქონდა დაგეგმილი და რა შედეგი მიიღო, რა საჭიროებების წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახები, – ამ საკითხებზე „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან გურგენიძე გვესაუბრება.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – მშობლებსა და სკოლების სპეცპედაგოგებს ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი, ექსპერტი მადონა ხარებავა რამდენჯერმე შეხვდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად ვუშვებთ საგაზეთო ჩანართს „ჩვენ აქ ვართ“.

საინფორმაციო შეხვედრებისა და საგაზეთო პუბლიკაციების შედეგად მშობლების ინფორმირებულობის დონე გაიზარდა. ისინი იმდენად გააქტიურდნენ, რომ მშობელთა კომიტეტი ჩამოაყალიბეს. ამ კომიტეტის თავმჯდომარე ლია მაღრაძეა. მშობლებმა ისწავლეს, როგორ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ბევრმა მშობელმა არ იცოდა, თუ რა მომსახურებას სთავაზობს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

პროექტით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ შეხვედრების მონაწილეებმა ფსიქოლოგის კონსულტაციები მოითხოვეს. მოვიწვიეთ ფსიქოლოგი რუსუდან ბოჭორიშვილი. აღმოჩნდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და პედაგოგებისათვის ეს მართლაც ძალიან საჭირო იყო. მათთვის ყველაზე მეტად სასარგებლო და საინტერესო ფსიქოლოგთან შეხვედრა აღმოჩნდა.

მშობელთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს. შეხვედრებზე საკუთარი შვილებისა და ოჯახების საჭიროებებს განიხილავენ. შევხვდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს. მის წინაშე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, რათა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტში მათი მოგვარება გაითვალისწინოს. კერძოდ,

  • ხარაგაულში დღის ცენტრის შექმნა,
  • ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობა,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომვლელისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების დანიშვნა.

მერმა ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს სურთ, რომ ხარაგაულში „ამოსუნთქვის პროგრამა“ დაინერგოს. მათი წინადადებაა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მშობელმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს მზრუნველის გარეშე ვერ ტოვებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფულადი დახმარება მიიღოს. ამ თანხით ის შეძლებს, შვილთან დამხმარე დატოვოს, სახლიდან გამოვიდეს და სხვა საჭიროებებზე იზრუნოს.

ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედება იმიტომაც არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ მშობელი ამოისუნთქებს. ზოგიერთ ბავშვს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მშობელმა იცის, რომ დღის ცენტრში მის შვილზე ზრუნავენ, სხვადასხვა უნარებს უვითარებენ.

მშობელთა კომიტეტი ამჟამად სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედება მათთვის პირველი რიგის ამოცანაა. ისინი მუდმივად განვითარებას და უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას გეგმავენ. ახლახან ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრიდან დაგვიკავშირდნენ. მშობელთა კომიტეტის რამდენიმე წევრი ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შშმ ქალთა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერების ტრენინგში ჩაერთვება.

საგრანტო დაფინანსების შემდეგ პროექტი „ჩვენ აქ ვართ“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, მშობლები მომავალში ერთმანეთთან ურთიერთობას არ შეწყვეტენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათი საჭიროებების მოგვარებას დროში გაწერილი გეგმის მიხედვით მოითხოვენ.

პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ ძალიან დიდი შედეგია ის, რომ 21 წლი გიორგი ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონში“ მოხვდა. დღის ცენტრში ლოგოპედმა აღმოაჩინა, რომ გიორგის ენა ჰქონდა დაბმული. „ორიონში“ მიღებული მომსახურებით გიორგის სერიოზული შედეგები აქვს.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშობლებმა ინფორმაციების მოძიება თავად დაიწყეს. მშობელთა კომიტეტის წევრებს უკვე თავიანთ სოფლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები მოჰყავთ და აკვალიანებენ, სად რა ტიპის მომსახურება ეკუთვნით. ეს ძალიან დიდი შედეგია იმიტომ, რომ მშობლები პრობლემების გადაჭრის გზებს ერთად ეძებენ და შვილებს აღარ მალავენ.

პროექტით ასევე არ იყო გათვალისწინებული და შაბათს, 27 ოქტომბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები თბილისში, სოციალურ კაფეში მიგვყავს. კავშირს „რეა“ დღის ცენტრი აქვს როგორც შშმ ბავშვებისთვის, ასევე უფროსი ასაკის ახალგაზრდებისთვის. დღის ცენტრის ბენეფიციარები სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“ მუშაობენ. ეს საქართველოში პირველი სოციალური კაფეა. საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს და ჩემი ინფორმაციით, ძირითადად, უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. მშობელთა კომიტეტის წევრები კაფეს საქმიანობის გაცნობით ძალიან დაინტერესდნენ.

ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნა, ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობა და ამოსუნთქვის პროგრამა – მშობელთა კომიტეტის მიერ დაყენებული ეს საკითხები მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად უნდა განვიხილოთ. უპირველესი მაინც ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედებაა.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: შშმ ბავშვების მშობელთა კომიტეტის შეხვედრაზე, ფსიქოლოგ რუსუდან ბოჭორიშვილთან შეხვედრა; შშმ ბავშვების მშობელთა კომიტეტმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა