ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

პროექტის მენეჯერის გენო აკოფაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ძირულადან დაბა ხარაგაულის მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ სამუშაოებს ვახორციელებთ, – ამბობს გენო აკოფაშვილი, – ძირითადად, საყრდენი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ასფალტის საფარი ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე მომავალ წლის შემოდგომისთვის დაიგება. ყველაფერი პროქტის მიხედვით განხორციელდება, – იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები თუ ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება მშენებლობის პროცესში.“

ამ დრომდე „ბლექსი სი გრუპმა“ ხარაგაულსა და საღანძილეში მინი საწარმოები მოაწყო, სადაც გზის მშენებლობისთვის საჭირო ქვა-ღორღი მუშავდება და ხელოვნური ნაგებობებისთვის მზა პროდუქცია მზადდება.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოპოვებული ინფორმაციით, გზა იქნება 9 მეტრი სიგანის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს, აშენდება 4 ახალი ხიდი.

ამ გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 80 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2018-2021 წლებში განხორციელდება.

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #44-ში „ბლექ ის გრუპის“ წარმომადგენლობასთან ერთად გზის მშენებელი ზედამხედველი კომპანიაა განთავსებული. საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 3 207 700.20 აშშ დოლარი და 5 770 524.50 ლარია.

გზის მშენებლობა (მოსამზადებელი სამუშაოები) ხარაგაული-მოლითის მონაკვეთზე მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყება.