დღეს სრულდება წინასაარჩევნო კამპანია და გვინდა ძალიან მოკლედ შევაჯამოთ საარჩევნო პროცესი.
პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოპონენტების მიერ წარმართული კამპანია, სამწუხაროდ, დადებით წვლილს ვერ შეიტანს საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ, ევროპული სტილის კამპანიას ოპონენტებმა უპასუხეს აგრესიით, შეურაცხყოფით, პროვოკაციებით, სხვადასხვა ფორმით გამოხატული არაეთიკური ქცევით.
დღეს გვინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც 2 თვის განმავლობაში უაღრესად ღირსეულად პასუხობდა ოპონენტების არაეთიკურ ქმედებებს.
ამ საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი მახასიათებელი იყო ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ უკიდურესად დაუბალანსებელი მედიაგარემო. ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია – რუსთავი 2 ფორმალურადაც კი არ ცდილობდა დაეცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და აქტიურად მიმართავდა რუსული ტელეარხებისთვის დამახასიათებელ ე.წ. ბრეინვოშინგის, ანუ ტვინის გამორეცხვის მეთოდს.
ამ საარჩევნო კამპანიის მორიგი უარყოფითი მახასიათებელი იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში და მათი გულგრილი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების უხეში გადაცდომების (მათ შორის – შეურაცხყოფისა და ცილისწამების, მუქარის, მძიმე პროვოკაციების, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების დაშინების მცდელობის) მიმართ.
მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ მხარდამჭერთა სიების ფალსიფიკაცია. აღნიშნული პარტიები იმ დონეზე გაკადნიერდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გაყალბებაც კი იკადრეს.
სამწუხაროა, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული 2 სპექტაკლის ფონზე ჩაიარა. ორივე სპექტაკლმა სრული ფიასკო განიცადა, რადგან იქ, სადაც არ არის გადაცდომა, ხელოვნურად ვერავითარ კომპრომატს ვერ შექმნი. ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს არც წარსულზე და არც მომავალზე საუბრის რესურსი, რაც მას მუდმივად ვითარების რადიკალიზაციის მცდელობისკენ უბიძგებს. ასეთი მცდელობებიც, როგორც ვხედავთ, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
საარჩევნო პროცესის დადებითი მხარე იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართული ევროპული სტილის კამპანია, რომელიც ამომრჩევლისთვის საპრეზიდენტო ხედვის წარდგენაზე იყო ორიენტირებული.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების სათანადოდ წარმართვისათვის.
ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც სისტემატური პროვოკაციების მიუხედავად, წარმატებით შეძლო ინციდენტების პრევენცია.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ასევე, ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც არ პასუხობდნენ ნაციონალების პროვოკაციებს და არ აძლევდნენ მათ ვითარების ესკალაციის შესაძლებლობას.
მთლიანობაში, ხელისუფლების მხრიდან უზრუნველყოფილი იყო თითოეული საარჩევნო კანდიდატის მიერ საარჩევნო აგიტაციის თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში წარმართვა.
მადლობას ვუხდი ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რასაც შეაქვს ფასდაუდებელი წვლილი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის.
ახლა თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხვალ ხმის მიცემის პროცესისთვის თავისუფალი და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იზრუნონ საარჩევნო დარღვევების პრევენციაზე და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
გვაქვს წინასწარი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკოს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად.
არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საარჩევნო გადაცდომაზე, რომელი პარტიის წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უმკაცრესი რეაგირება. ამისათვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს.
გაცნობებთ, რომ ხვალ, საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. ეგზიტპოლს, სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად, 100 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“.
მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ისინი ამ 2 თვის განმავლობაში აყალბებდნენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ – რამდენიმესაათიანი ფეხები და რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები.
ღიმილისმომგვრელი იყო გუშინწინდელი ფაქტი, როდესაც ეგზიტპოლის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, რუსთავი 2-მა მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ნინო ჯაფარიძესთან, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა. ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, ვფიქრობთ ეგზიტპოლის შედეგები ჩვენც ინგლისურად ხომ არ გაგაცნოთ.
მოვუწოდებთ, რუსთავი 2-ს, გარდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისა, დადოს სხვა პარტიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებიც.
მოვუწოდებთ ყველას, უზრუნველყონ არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება.
მადლობას ვუხდით აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც ღირსეულად წარმართეს წინასაარჩევნო აგიტაცია და უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენს ხვალინდელ წარმატებაში.
ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენი პირველივე ტურში გამარჯვება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.
მოგიწოდებთ, მობრძანდით არჩევნებზე, გამოხატეთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია და შემოხაზეთ ნომერი 48.
(R)
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი