ზაზა სარალიძის დაკავებას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

დაჩაგრული ადამიანის დადანაშაულება და პარტიებთან აფილირება ღირსეული საქციელი ვერაა. ყველამ იცის, რომ ეს მისი მიზანი არ იყო. სახელმწიფოს თმენის ვალდებულება აქვს. აღარას ვიტყვით სამართლიანობის უზრუნველყოფის ვალდებულებაზე. როცა ვერ უზრუნველყოფ სამართლიანობას და დაჩაგრული ოჯახი სიცივეში ითხოვს კარავის გაშლას, ამის უფლება სამართლებრივადაც აქვს და მორალურადაც.

პოლიციამ და მისი სახით სახელმწიფომ, ადამიანი მიიყვანა არაადეკვატურ ქცევამდე. მინისტრმა გახარიამ, თუ ეს მისი პრეროგატივაა, ბრძანება უნდა გასცეს, რომ გაათავისუფლონ ბატონი სარალიძე. მისი პასუხისმგებლობაცაა, რომ სარალიძე წყობიდან გამოვიდა. 

კარვის დადგმის კანონიერ უფლებას არ უზრუნველყოფს სახელმწიფო და გამოძიების ობიექტურობაში საზოგადოების დარწმუნებას ვერ შეძლებს.

კიდევ ერთი, მინისტრმა გახარიამ და ყველა პოლიტიკოსმა იცის, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ადგილის დაკავება დღეს აღარავის გაუჭირდება, მით უფრო ამ საქმეში არანორმალურად გამოცდილ პარტიებს.

ამ მოტივით დაუზოგავი შეფასებები სარალიძის მიმართ საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ სარალიძის დისკრეტიზაციის გარდა, გამოძიებას მეტი გამოსავალი არ აქვს, და პოლიტიკოსებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში.

ეს კიდევ სხვა პრობლემებისკენ მიგვითითებს… სახელმწიფო ვალდებულია, სამართლიანობის განცდა დაუბრუნოს საზოგადოებას. პოლიტიკოსთა ქცევის ეთიკურობაზე და მორალურ მხარეზე შეგნებულად არაფერს ვამბობთ. ყველგან და ყველაფერზე პოლიტიკური პასუხი არა მხოლოდ ანტიპატიას იწვევს პოლიტიკოსთა მიმართ, არამედ უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართაც. დაუცველობის შიში იზრდება საზოგადოებაში.
ხელისუფლების ინტერესში ეს არ უნდა შედიოდეს. არც ჩვენი, საზოგადოების ინტერესშია.

ეპ. დოსითეოსი