შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ის ახალი რეგულაციები განიხილეს, რომელიც 2018 წლის 1 აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდა.

მწარმოებლები, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 15 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება.

იმ დაწესებულებებს, რომლებსაც ოთხნიშნა ან ხუთნიშნა კოდები აქვთ მინიჭებული, ვალდებულები არიან გაიარონ დამატებითი რეგისტრაცია. მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისა და შესაბამისი კლასიფიკატორების ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე.

კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ. რეგულაციები მიზნად სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვას, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროულ გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გარეშე სამუშაოების განხორციელება არ ათავისუფლებს დაწესებულებას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.

შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების მართვის საუკეთესო პრაქტიკასა და კადრების სერტიფიცირების თემაზეც ისაუბრეს.