ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში 24 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცვნეს.

შეხვედრა პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში შედგა. ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან გურგენიძემ და ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელმა ინგა მაღრაძემ ყურადღება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე გაამახვილეს.

ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, სტატისტიკური მონაცემებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა საგრძნობლად იმატა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ სასიკეთო ნაბიჯები გადადგა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არასაკმარისია.

„საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომები კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. საპატიმრო გამოვლილი ადამიანები საზოგადოების მხრიდან გარიყულად გრძნობენ თავს. მათთვის ძალიან რთულია განათლების მიღება და დასაქმება. ეს პრობლემები მათ განმეორებითი დანაშაულისკენ უბიძგებს, – აღნიშნა ინგა მაღრაძემ, – კანონის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ჩადის გადაცდომას, დაპატიმრების ნაცვლად ის განრიდების პროგრამაში ერთვება. ამის შემდეგ მას მუდმივად სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზედამხედველობენ. თუმცა ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა მცირეა.“

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების, კულტურული და სპორტული ააიპების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა სკოლის აქტივობებში მშობელთა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ მშობლების უმეტესობა სკოლაში თვეების მანძილზე ვერ მიდის, რადგან ოჯახების სარჩენად სამუშაოდ რაიონიდან ან ქვეყნიდან წავიდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უახლოეს ხანში უფროსკლასელებთან შეხვედრას და მათთან ერთად არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობას გეგმავენ.

პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში გამოცხადდა ფოტო-ვიდეო და ესეების კონკურსი „არასრულწლოვანი და დანაშაული“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლების 9-12 კლასების მოსწავლეებსა და 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

თამთა გოგოლაძე