საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რატომ სურს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი და როგორ ხედავს საკუთარ თავს ამ პოსტზე.

„რატომ მსურს პრეზიდენტობა? ბუნებრივია, არ მინდა არც სკამისთვის, არც ხელფასისთვის, არც პრივილეგიებისთვის. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება. არ არის მარტივი ამ ქვეყნის პრეზიდენტობა, არ არის მარტივი ქალისთვის. თანაც ქვეყანაში, სადაც ბევრი გამოწვევაა, პირველ რიგში, გამთლიანების საკითხი დგას, ასევე, მის ირგვლივ რთული რეგიონია, თუმცა, ამ რეგიონში ჩვენ ვართ ერთ-ერთი სტაბილური, დემოკრატიული, ევროპული სტილის ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ.

მე ვიქნები ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი; რითიც მოდიხარ ადამიანი, ბოლომდე გამოგყვება. მე მოვდივარ ჩემი პრინციპებით, ჩემი ცოდნით, ჩემი დამოუკიდებლობით, რომელსაც ზოგი სიჯიუტეს ეძახის, მაგრამ ფაქტია, ასეთი ვარ.

ზოგი ამბობს, რომ არ ვარ დამოუკიდებელი და ვარ მართული მმართველი პარტიის მიერ. მე არც მართული ვიქნები და არც ჯიბრში ჩამდგარი პრეზიდენტი, რომელსაც უნდა მხოლოდ თავისი შეხედულებები გაიტანოს. ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ფუნქცია სწორედ გარკვეული სახით თანამშრომლობაა საქმის გასაკეთებლად და მე სწორედ საქმის გასაკეთებლად მოვდივარ“.